
"იმედია, ფასდაკლებას გამიკეთებენ" - ოქრუაშვილს ბრალი წარუდგინეს
07/04/2025 11:14:38 პოლიტიკა
სადავო პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა დასრულდა.
გამოძიება სსკ-ის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შემდეგი ეტაპი აღკვეთის ღონისძიების სახის შერჩევაა. შუამდგომლობით პროკურატურა მიმართავს სასამართლოს.
"არავის აქვს მორალური უფლება, არანაირი არგუმენტებით, გამოცხადდეს იმ მასკარადზე და იმ კომისიაზე, ვიდრე საპატიმროში რჩება ათეულობით ახალგაზრდა, მათ შორის მზია ამაღლობელი. არანაირი კომისია არ არსებობს, როგორც საქართველოს არ ჰყავს პარლამენტი. ბავშვობიდან მასწავლიდნენ, ხარება დღეს ჩიტიც კი არ იკეთებს ბუდესო, მაგრამ ეტყობა, ამ სასამართლოში სხვა კალენდრით მუშაობენ. იმედი მაქვს, ბადრი ჯაფარიძისგან და მამუკა ხაზარაძისგან განსხვავებით, პატარა ფასდაკლებას გამიკეთებენ“, – უთხრა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ.