
მედია: ისრაელი სირიის ზონებად დაყოფის წინადადებით გამოდის
07/04/2025 05:41:01 მსოფლიო
ისრაელი სირიის ზონებად დაყოფის წინადადებით გამოდის, – იუწყება გამოცემა Ynet.
მისივე ცნობით, ისრაელის წინადადება ითვალისწინებს სირიის დროებით დაყოფას შეერთებული შტატების, რუსეთისა და თურქეთის გავლენის ზონებად სირიის გარდამავალი მთავრობის მონაწილეობით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.
"ისრაელი არ დაუშვებს თურქული ჯარების განლაგებას გოლანის მაღლობებთან. თურქეთის რეგიონში ყოფნა მომავალ კვირას ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილება. ისრაელი შიშობს, რომ თურქეთს შეუძლია, სირიაში ბაზების გამოყენება დრონებისა და საჰაერო თავდაცვისთვის, რაც შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტამდე მივიდეს.
გასული წლის ბოლოს ექს-პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემამდე ისრაელთან დამაკავშირებელ სირიის სასაზღვრო ზონაში რუსეთის ძალები იყვნენ დისლოცირებული, რომლებთანაც, სავარაუდოდ, ისრაელის მხარეს კომუნიკაცია ჰქონდა მოწესრიგებული. თუ ამ რეგიონში თურქეთის არმია შევა, ისრაელს მოუწევს ყურადღებით განიხილოს ნებისმიერი ქმედება თავისი მოქალაქეების დასაცავად და გაითვალისწინოს, გამოიწვევს თუ არა ასეთი ქმედებები თურქეთთან სამხედრო კონფლიქტს.
ამავე დროს, თურქეთი ინარჩუნებს ისრაელთან კომუნიკაციის დიპლომატიურ არხებს და დიალოგი გრძელდება", – იტყობინება გამოცმა.