
ზელენსკიმ კურსკის რეგიონში ჩატარებულ ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა უწოდა
04/04/2025 05:21:25 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კურსკის რეგიონში ჩატარებულ ოპერაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მთავარი მიღწევა უწოდა. ამის შესახებ მან რუსეთის მოსაზღვრე ქალაქ სუმის შესასვლელთან ჩაწერილ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
მისი თქმით, "ეს ოპერაცია უკრაინას სუმის რეგიონის გავლით რუსეთის შეჭრისგან იცავს".
უკრაინის პრეზიდენტი ასევე ეწვია ჩერნიჰივის რეგიონს.
ზელენსკის თქმით, მან სამხედრო დანაყოფების მეთაურებთან განიხილა უკრაინის შეიარაღებული ძალების ძირითადი საჭიროებები, დამატებითი მხარდაჭერა, აღჭურვილობის, თვითმფრინავების მიწოდება, ასევე ოპერატიული საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კურსკის რეგიონში ოპერაციის გაგრძელებასთან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონში გასული წლის 8 აგვისტოს დაიწყო. უკრაინის ჯარების მიერ ოკუპირებული რუსეთის ტერიტორიის ფართობი დაახლოებით ათასი კვადრატული კილომეტრი იყო. ანალიტიკური პროექტის Deep State თანახმად, "უკრაინის შეიარაღებული ძალები ამჟამად აკონტროლებენ რამდენიმე სასაზღვრო სოფელს, რომელიც რამდენიმე ათეული კვადრატული კილომეტრის ფართობს მოიცავს".