
თეთრ სახლში განმარტავენ, რატომ არ ფიგურირებს რუსეთი იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც ტრამპმა საბაჟო ტარიფები არ დაუწესა
03/04/2025 06:40:47 მსოფლიო
მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სულ მცირე, 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა, რუსეთი არ არის.
როგორც თეთრი სახლის პრეს–მდივანმა კეროლაინ ლივიტმა გამოცემა Axios-ს განუცხადა, "რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციები ბარიერია რუსეთთან ყოველგვარი მნიშვნელოვანი ვაჭრობისთვის".
მისივე თქმით, "უკვე არსებული სანქციებია იმის მიზეზიც, რომ საბაჟო ტარიფები არ დაუწესდათ ბელარუსს, კუბას და ჩრდილოეთ კორეას".
ცნობისთვის: შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის სანქციები აქვს დაწესებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო. Axios-ის ცნობით, აშშ გაცილებით მეტს ვაჭრობს რუსეთთან, ვიდრე, მაგალითად, მავრიკიასა და ბრუნეისთან, რომლებსაც პრეზიდენტმა ტრამპმა საბაჟო ტარიფები დაუწესა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთთან მოლაპარაკებებით ცდილობს უკრაინაში ომის დასრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტრამპმა არ გამორიცხა რუსულ ნავთობსა და სხვა პროდუქციაზე მეორადი ტარიფების დაწესება.
2 აპრილს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ადმინისტრაციის ახალი სატარიფო პოლიტიკა წარადგინა, რომლის თანახმად, იგი აწესებს აშშ-ში უცხო სახელმწიფოებიდან იმპორტზე, სულ მცირე, 10%-იან ტარიფებს, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში სატარიფო განაკვეთი 49%-საც კი აღწევს.
თეთრი სახლის გამოქვეყნებული სიის თანახმად, დონალდ ტრამპმა 10%-იანი ტარიფი დაუწესა საქართველოსაც.
ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის გადასახადი 20%-ია, შვეიცარიისთვის - 31%, ისრაელისთვის - 17% და ა.შ. ტარიფები ყველაზე მაღალია(46-დან 49%-მდე) ვიეტნამის, ლაოსისა და კამბოჯისთვის.
"აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, რაც აღარ მოხდება. ეს არის გათავისუფლების დღე და ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია", – განაცხადა ტრამპმა 2 აპრილს.