
ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა
03/04/2025 06:31:25 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ირაკლი ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად დაინიშნა.
"ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის წარდგინებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის 2025 წლის 2 აპრილის ბრძანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამ დრომდე ირაკლი ბერაიას იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ირაკლი ბერაია დაიბადა 1976 წლის 23 ივლისს. 1998 წელს მან წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 2016–2025 წლებში იგი საქართველოს მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. პოლიტიკურ საქმიანობამდე მას საბანკო სექტორში წარმატებული კარიერა ჰქონდა", – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ბერაია 2016 წლიდან „ქართულ ოცნებაში“ იყო, ხოლო 2022 წლის 4 ოქტომბერს შეუერთდა ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეულ „ხალხის ძალას“, რომელიც „ოცნებას“ „მეტი სიმართლის თქმის“ მოტივით გამოეყო.
მან ორივე ჯერზე დაუჭირა მხარი „აგენტების კანონს“ - როგორც 2023 წელს, რის შემდეგაც კანონი გაიწვიეს, ისე 2024 წელს, როდესაც ის საბოლოოდ მიიღეს.