
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, პირველ კომენტარს აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით
02/04/2025 17:01:12 პოლიტიკა
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2 აპრილს პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოსთან დაკავშირებით და შეინარჩუნა წინა ადმინისტრაციის კრიტიკული ტონი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.
კერძოდ, www.globalnews.ge-მ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერს ტემი ბრუსს შემდეგი შეკითხვა დაუსვა: "გქონდათ თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოში მმართველ პარტიასთან? და თუ ასეა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ, რა ტიპის კომუნიკაცია არსებობს ახლა თქვენ შორის? როგორც იცით, საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ქართველი ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. დაკავებულები არიან აქციების მშვიდობიანი მონაწილეები, ასევე, ამჟამად ციხეში დამოუკიდებელი ჟურნალისტი იმყოფება. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით, როგორია თქვენი ხედვა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით?"
"ჩვენ განვაგრძობთ ჩვენი მიდგომის შეფასებას საქართველოს მიმართ ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. აშშ-მა ნათლად დააფიქსირა ის ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რათა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” მთავრობის მიერ განხორციელებულ განგრძობით ანტიდემოკრატიულ ქმედებებს - როგორც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მიუნხენში აღნიშნა, დემოკრატიული მანდატის მოპოვება ვერ მოხდება მოწინააღმდეგეების ცენზურით ან ციხეში ჩასმით, ასევე ვერ მოიპოვებთ მას, ძირითადი ელექტორატის პოზიციის უგულებელყოფით, თუ ვინ უნდა გახდეს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი.
შეერთებული შტატები, 33 წლის განმავლობაში, საქართველოსა და ქართველი ხალხის პარტნიორია და ამ ხნის განმავლობაში ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში", - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.
2025 წლის 15 მარტს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შეხვდა.
საელჩოს ცნობით, ელჩმა მაკა ბოჭორიშვილს „გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, ასევე, ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“.