
საქსტატი: ხილი - 25%-ით, ყველი - 19%-ით, ხორცი კი 15%-ით გაძვირდა
02/03/2020 09:32:57 ეკონომიკა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მონაცემებით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.
როგორც საქსტატი იუწყება, გასული თვის წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ ჯგუფებზე, როგორებიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები. კერძოდ, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 12,7 პროცენტითაა გაზრდილი, რაც წლიურ ინფლაციაზე 3,85 პროცენტული პუნქტით აისახა.
საქსტატის მონაცემების თანახმად, საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად, 25,1 პროცენტით გაძვირდა ხილი. ამ მხრივ მეორე ადგილზეა რძის ნაწარმი. კერძოდ, რძესა და ყველზე ფასი გაზრდილია 19,2 პროცენტით. ამავე მოცულობითაა გაზრდილი ფასები კვერცხზე. 15,1 პროცენტით მოიმატა ფასმა ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე, 11,2 პროცენტითაა გაზრდილი შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის ფასი. 11,21 პროცენტით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, 10,3 პროცენტით - თევზეული. ფასების ზრდის მიხედვით შემდეგ ადგილზე მოდის მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (8,7 პროცენტი). 7,4 პროცენტითაა გაძვირებული ზეთი და ცხიმი, 5,6 პროცენტით - პური და პურპროდუქტები. 5,0 პროცენტითაა გაძვირებული ყავა, ჩაი და კაკაო.
რაც შეეხება სასტუმროებსა და კაფეებს, საქსტატის მონაცემების თანახმად, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფასები მთლიანობაში გაზრდილია 8,7 პროცენტით. კერძოდ, საზოგადოებრივ კვებაზე ფასმა 9,5 პროცენტით მოიმატა, ხოლო ღამის გასათევ მომსახურებაზე - 1,3 პროცენტით.