Accentnews.ge
აგვისტოს ომის გმირების ოჯახები ეხმაურებიან საგამოძიებო კომისიას

აგვისტოს ომის გმირების ოჯახები ეხმაურებიან საგამოძიებო კომისიას

30/03/2025 19:04:54 პოლიტიკა, საზოგადოება

"ქართული ოცნების" პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის საქმიანობას, რომელიც მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის გარემოებებს სწავლობს, ეხმიანებიან ომის გმირების ოჯახის წევრები.

2008 წლის ომის გმირის გიორგი ანწუხელიძის ცოლი მაკა ჩიკვილაძე:

„ქვეყანაში, რომელსაც უამრავი პრობლემა აქვს, ახალგაზრდა სახელმწიფოს წარმოადგენს, რომელსაც განვითარებისთვის მუდმივი შრომა, სწავლა, გამოცდილების შეძენა სჭირდება, როგორი გაუგებარიც არ უნდა იყოს გამუდმებით მიმდინარეობს დაპირისპირება და გარჩევა თემის, თუ ვინაა მტერი. ამ დაპირისპირებებში მტერი იკარგება, სამაგიეროდ ჩნდება მტრობა, თანამოქალაქეებს შორის მტრობა. ეს უნდა მტერსაც. ჩვენ მის სურვილს ვასრულებთ, ნაწილი შეუგნებლად, ნაწილი შეგნებულად, ზოგიც მდუმარებით.

საქართველოს ბევრი მტერი ჰყავდა საუკუნეების მანძილზე. ასეთი იყო მსოფლიო ათასწლეულები - მტრული. ჩვენს საუკუნეში კი ღიად, საომარი მოქმედებებით, თუ ხელოვნურად შექმნილი შიდა დაპირისპირებებით, პროვოკაციებით, საქართველოს მტერი არის რუსეთი და მისი პოლიტიკა.

ვინც ამ პოსტს წაიკითხავს, საკუთარ მოსაზრებას იტყვის თუ გაიფიქრებს, მათ მინდა ვუთხრა, პატივისცემით, გულწრფელად - ყოველი კამათისას, რომელიც 2008 წელს ეხება, ყოველი გამონათქვამისას, რომელიც გიორგის ეძღვნება, მე არ ვარ მხოლოდ მეუღლე, დედა, ოჯახის წევრი... ჩემგან ადამიანები კითხვებით, ზოგჯერ უკითხავად, ელოდებიან პოზიციას, აზრს... ხშირად ეს დამატებით პასუხისმგებლობას მძენს, კიდევ მეტს, ვიდრე მაქვს მიზეზთა გამო...

ბევრჯერ მითქვამს და რამდენჯერაც საჭირო იქნება სულ გავიმეორებ სიცოცხლის ბოლომდე - ომი რუსეთმა დაიწყო!!! რუსეთი სხვა წლებშიც გვეომებოდა!!! მტერი რუსეთია, რომელიც ხშირად იყენებს სეპარატისტებს, შიდა მტრებს!!!

ყველა კამათი, რაც ჩვენ შორის ჩაღდება ომის თემაზე, მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. საშუალებას აძლევს მათ კვლავ მოგვაყენონ შეურაცხყოფა თავიანთი განცხადებებით. დაგვადანაშაულონ, საკუთარი ბრალი შემოგვიტრიალონ, ბოდიშები მოითხოვონ... საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა შესაძლოა წარმოშვას ჩვენი გმირების თავდადებისადმი გარკვეული კითხვის ნიშნების საფრთხე. ვის უნდა ეს? ვის სჭირდება?

ჩემი, როგორც მოქალაქის შეხედულება ასეთია:

სამხედრო თემებზე, გარკვეულ შეცდომებზე, დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ, სამხედროები და კომპეტენტური პირები. შიდა პოლიტიკისა და ეროვნული ინტერესის საკითხებს გამიჯნავენ ხოლმე პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოებებში. ჩვენნაირი მძიმე ხვედრის მქონე ქვეყანაში თანამემამულეები მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებზე გამოცდილებას იღებენ და საქმით ასწორებენ ერთმანეთის მხარდამხარ.

ჩემი მხარდაჭერა და პატივისცემა ქართველ სამხედროებს!

ჩემი სიყვარული მათაც, სახელმწიფოსაც და მთელ იმ საზოგადოებასაც, რომლისთვისაც გადახედვას, შეფასებას არ ექვემდებარება საკითხი, რომ ომი რუსეთმა და სეპარატისტებმა დაიწყეს, ჩემი ქვეყანა თავს იცავდა თავის მიწაზე!

ისედაც ცხადი ეს ამბავი კი გამოიძია და საფუძვლიანი დასკვნით გაამყარა მსოფლიოს კომპეტენტურმა, სამხედრო გამოცდილების მქონე, სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლობითმა სპეციალურმა ორგანომ - ჰააგის ტრიბუნალმა!

მადლობა ყველას, ვისთვისაც ფასეულია ჩვენი გმირების ღვაწლი, ხოლო მათი ოჯახების ტკივილი გაზიარებული. ჩემთვის, გიორგის და სხვა დაღუპული სამხედროების, პოლიციელების, სამოქალაქო პირების ტრაგიკულად შეწყვეტილ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი არის მხოლოდ რუსეთი და მის მიერ წახალისებული სეპარატისტები ჩვენს მიწაზე. ვემსახურები საქართველოს!“

2008 წლის ომის გმირის შმაგი სოფრომაძის მეუღლე თეა ტაბატაძე:

„მე აგვისტოს ომის გმირის, შმაგი სოფრომაძის მეუღლე ვარ…

ჩემი ოჯახი სამაჩაბლოდან დევნილია...

2008 წლის აგვისტოში ცხოვრება თავზე ჩამომენგრა, 24 წლის ქალი 2 მცირეწლოვანი შვილით მარტო დავრჩი და არ ვიცი ცხოვრების გაგრძელება როგორ მოვახერხე… ამ ქვეყანას შევწირე ყველაზე ძვირფასი ჩემთვის - მეუღლე, შვილები დამიობლდნენ, ოჯახი საკუთარ ქვეყანაში დევნილებად ვიქეცით… რაც მთელი ცხოვრება უშრომიათ ჩემ მოხუც ბებია-პაპას, 1 დღეში ნაცრად ექცათ…

რუსეთი მტერია!!! და მტერია ყველა, ვინც მისი ეგოს მოსაფხანად დღევანდელ მასკარადს მართავს… ეს, რაც ამ დღეებში ხდება ბოროტებაა ქვეყნის, ერისა და ჩვენი გმირი ვაჟკაცების წინაშე…შეურაცხყოფაა ყველა ცოცხალი თუ გარდაცვლილი მებრძოლისა და მათი ოჯახების…

გული მიკვდება… 17 წლის მანძილზე უკვე რამდენჯერ დაგვჭირდა ჩვენი გმირების მიმართ ნასროლი ტალახის ჩამორეცხვა…

ხალხო, რა გვჭირს??? რა დაგვემართა?? რა მაგალითს ვაძლევთ ჩვენს შვილებს?? ნუთუ აღარ ღირს ამ ქვეყნის დასაცავად ბრძოლა?? იქნებ ვიფიქროთ იმაზეც, თუ რას განიცდიან ვეტერანები, ოფიცრები, რიგითი ჯარისკაცები ამ მოვლენების ყურებისას?? ვიღას მოუნდება ამის მერე ქვეყნისთვის ბრძოლა?? თავის შეწირვა?? წარმოგიდგენიათ რა ხდება ჩვენი ცოცხალი მებრძოლების გულებში ახლა?? ვინც საკუთარი მკერდით იცავდა ქვეყნის ინტერესებს 2008-ში???

ბოდიში!!! მხოლოდ ბოდიშის მოხდა მინდება ამ უსუსური მდგომარეობიდან… ბოდიში, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში ჩავაგდეთ თითოეულმა ჩვენგანმა…

რუსეთი მტერია და ოკუპანტია!!! რუსეთის ინტერესების გამტარებლები საქართველოში კი, დამნაშავეები არიან!!!

სოლიდარობა, ამ მძიმე დღეებში 2008 წლის აგვისტოს გმირების ოჯახებს… ასევე ცოცხალ მებრძოლებს, ცოცხალ გმირებს და მათ ოჯახებსაც… რა სამწუხაროა“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S