
სტამბოლის მერის შემდეგ მისი ადვოკატიც დააკავეს
28/03/2025 11:54:46 მსოფლიო
თურქეთში ხელისუფლებამ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის - სტამბოლის მერ ექრემ იმამოღლუს ადვოკატი მეჰმედ ფეჰლივანიც დააკავეს,- წერს Reuters.
თურქეთის პოლიციას დაკავების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ განუმარტავს, ხოლო მთავარი ოპოზიციური პარტიის - CHP-ის დეპუტატმა თურან ტასკინ ოზერმა თქვა, რომ ადვოკატი "შეთხზული მიზეზების გამო" დააპატიმრეს.
სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ 19 მარტს დააკავეს კორუფციისა და ტერორიზმის დახმარების ბრალდებებით, თუმცა 23 მარტს წინასწარი პატიმრობა მხოლოდ კორუფციის ბრალდების გამო შეუფარდეს და უფლებამოსილება შეუჩერეს. სტამბოლის მერის ექრემ იმამოღლუს დაკავებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, სტამბოლის საქალაქო საკრებულომ მერის პოსტზე კვლავ ოპოზიციონერი, CHP-ის წევრი ნური ასლანი აირჩია.
ექრემ იმამოღლუს დაკავების შემდეგ თურქეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო. დაკავებულია 1000-ზე მეტი ადამიანი.