
მაკრონი უკრაინაში “დამზღვევი ძალების“ გაგზავნას იმ შემთხვევაშიც არ გამორიცხავს, თუ ეს იდეა ყველა ევროპელ მოკავშირეს არ მოეწონება
28/03/2025 06:53:57 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არ გამორიცხავს, რომ უკრაინაში ე.წ. დამზღვევი ძალები გაიგზავნოს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შემდეგ, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს იდეა ყველა ევროპელ მოკავშირეს არ მოეწონება.
„ეს “დამზღვევი ძალები“ ბრიტანულ-ფრანგული ინიციატივაა, ეს სურს უკრაინას. ამ საკითხში არ არის ერთსულოვნება, მაგრამ ჩვენ არ გვჭირდება ერთსულოვნება ამის გასაკეთებლად“, - განაცხადა მაკრონმა.
მისივე თქმით, ფრანგულ-ბრიტანული დელეგაცია უახლოეს დღეებში გაემგზავრება უკრაინაში, რათა განიხილონ ეს საკითხი.
როგორც მან აღნიშნა, მოკლევადიან პერიოდში საფრანგეთი უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს ღირებულების დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას გეგმავს.
ცნობისთვის: 27 მარტს პარიზში უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი გაიმართა. შეხვედრაში 30-მდე ქვეყანა მონაწილეობდა.