
მედია: სენატორების ნაწილი ტრამპის ადმინისტრაციას გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებისკენ მოუწოდებს
25/03/2025 06:19:41 მსოფლიო
ამერიკელი სენატორების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას მოუწოდებს, გაყინული რუსული აქტივები უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს, -იუწყება Reuters.
„როგორ უყურებს ადმინისტრაცია მის ხელთ არსებული ყველა ფინანსური ინსტრუმენტის გამოყენებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდისთვის ომის დასრულების მიზნით? კერძოდ, თვლის თუ არა ადმინისტრაცია, რომ აშშ-სა და ევროკავშირში დაკავებული აქტივები უნდა იქნას გამოყენებული, როგორც ბერკეტი რუსეთთან მოლაპარაკებებში ომის დასასრულებლად? თუ ასეა, როგორ?“, - აცხადებენ, Reuters–ის ცობით, სენატორები სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთვის გაგზავნილ წერილში.
გამოცემის ინფორმაციით, წერილში სენატორები სვამენ კითხვებს, კერძოდ, აპირებს თუ არა აშშ-ის ადმინისტრაცია შეიმუშაოს სტრატეგია, რათა წაახალისოს ევროკავშირი, „დიდი შვიდეული“ და სხვა მოკავშირეები, გამოიყენონ სუვერენული რუსული აქტივები, ასევე დაუჭერს თუ არა ადმინისტრაცია უკრაინას მხარს თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად აშშ-ის კონტროლის ქვეშ არსებული რუსული სუვერენული აქტივების გამოყენებით.
როგორც Reuters იტყობინება, წერილს ხელს აწერენ ტოდ იანგი და ლინდსი გრეჰემი „რესპუბლიკური პარტიიდან“ და რიჩარდ ბლუმენტალი და ტიმ კეინი „დემოკრატიული პარტიიდან“.
გამოცემის ცნობით, რუსეთის უკრაინაში ფართომასშატბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა 300-350 მილიარდი დოლარის ღირებულების სუვერენული რუსული აქტივები დაბლოკეს. Reuters იტყობინება, რომ წყაროების თქმით, აქედან აშშ-ის ფინანსურ ინსტიტუტებში მხოლოდ, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარი ინახება.