
უოლცის განცხადებით, ტრამპი უკრაინის და რუსეთის ლიდერებს, მათ შორის გატაცებული უკრაინელი ბავშვების მომავალზე ესაუბრა
24/03/2025 06:26:51 მსოფლიო
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის მაიკ უოლცის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს, მათ შორის უკრაინიდან გატაცებული ბავშვების საკითხზე ესაუბრა.
როგორც დასავლური მედია იტყობინება, გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ფედერალური ბიუჯეტის ეკონომიის ფარგლებში დაფინანსება შეუწყვიტა იელის უნივერსიტეტის კვლევით ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ მოტაცებული უკრაინელი ბავშვების ძებნის პროცესს უკრაინაში ომის დაწყებიდან აწარმოებდა.
CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უოლცმა თქვა, რომ ასეთი პროგრამებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოა დაკავებული და რომ თავად მას არ შეუძლია ამაზე კომენტარის გაკეთება.
„მაგრამ შემიძლია, ვთქვა, პრეზიდენტი ტრამპი ორივე ლიდერს ელაპარაკება ტყვეების გაცვლის შესახებ. რუსებმაც და უკრაინელებმაც გაცვალეს დაახლოებით 200 ადამიანი მაშინვე, [ტრამპის] მოწოდების შემდეგ. მან ასევე ილაპარაკა ამ ბავშვების მომავალზე. ასე რომ, ეს პირველ რიგში, არის ნდობის გამყარებისკენ მიმართული ზომები. მაგრამ ჩვენ ერთი ნაბიჯით უნდა დავიხიოთ უკან. სულ რაღაც ერთი თვის წინ არავინ არ ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორ დასრულდება ეს ომი“, - თქვა უოლცმა, რომელსაც არ აუხსნია, რას ნიშნავს „ნაბიჯი უკან“.
23 მარტს საუდის არაბეთში, ერ-რიადში აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ უოლცმა თქვა, რომ აშშ-ს პირველ რიგში იმედი აქვს, შეთანხმებას მიაღიოს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა რუსეთმა და უკრაინამ შეძლონ მარცვლეულითა და საწვავით ვაჭრობის ნორმალიზება.
აშშ-ის გეგმის თანახმად, ამის შემდეგ მხარეები განიხილავენ ფრონტის ხაზის გაყინვას იქ, სადაც ისინი ამ მომენტში იმყოფებიან და ეს, უოლცის თქმით, მშვიდობის მხარდაჭერის ერთ-ერთი მექანიზმი იქნება.
„ამის შემდეგ, ცხადია, უფრო ფართოდ განგვიხილავთ მყარი და მუდმივი მშვიდობის საკითხებს, იმას, რასაც უკრაინელები უსაფრთხოების გარანტიებს უწოდებენ", – თქვა უოცმა CBS-ის ეთერში.
ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელეში შემდეგი "პოსტი" გამოაქვეყნა: „საუბარი კონსტრუქციული და შინაარსიანი იყო. განვიხილეთ საკვანძო საკითხები, კერძოდ, ენერგეტიკის სფეროში". თუმცა მას და არ დაუზუსტებია, იგეგმება თუ არა ახალი შეხვედრა ორშაბათს.