
ტრამპმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა "ოცნების" მიერ "დიფ სთეითის" წარმომადგენლად გამოცხადებულ სენატორს
21/03/2025 10:50:58 პოლიტიკა, მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მხარდაჭერა გამოუცხადა რესპუბლიკელ სენატორ ჯიმ რიშს, MEGOBARI აქტის ერთ-ერთ ავტორს.
"სენატორი ჯიმ რიში უზარმაზარ საქმეს აკეთებს, როდესაც აიდაჰოს შესანიშნავ ხალხს წარმოადგენს, შტატს, რომელიც მიყვარს და სადაც დიდი [უპირატესტობით] გავიმარჯვე 2016, 2020 და 2024 წელს!
როგორც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმი ჩვენი "ამერიკა უპირველეს ყოვლისა" დღის წესრიგის წინსვლისთვის დაუღალავად იბრძვის. ის დაუღალავად შრომობს, რათა გაზარდოს ჩვენი ეკონომიკა, შექმნას შესანიშნავი სამუშაო ადგილები, მტკიცედ დაუჭიროს მხარი ჩვენს ფერმერებს, იბრძოლოს ამერიკის ენერგო დომინაციისთვის, დაიცვას ჩვენი საზღვარი, გააძლიეროს ჩვენი სამხედროები და ვეტერანები, დაიცვას მუდმივი თავდასხმის ქვეშ მყოფი მეორე შესწორება [აშშ-ს კონსტიტუციის] და აღადგინოს მშვიდობა ძლიერების მეშვეობით.
სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და ის არასდროს დაგაღალატებთ!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
შეგახსენებთ, რომ "ქართულ ოცნებაში" ჯიმ რიშს Deep State-ის წარმომადგენელი უწოდებენ. მაგალითად, პარტიის გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა: „ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში არ წარმოადგენენ აშშ-ს სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან Deep State-ს“.
10 მარტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ის სენატისეული ვერსია წარადგინეს. კანონპროექტს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 27 მარტს განიხილავს.
ორპარტიული კანონპროექტი კვლავ ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მოსახლეობას იმ ფონზე, როცა "ქვეყნის მთავრობა მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმას განაგრძობს".
"მსოფლიოში საქართველოს მეგობრები შოკირებული და შეშფოთებულები არიან მთავრობის ავტორიტარიზმში ჩავარდნითა და პროდემოკრატიული მომიტინგეების ძალადობრივი დარბევით". - დაწერა სენატორმა რიშმა:
"ეს კანონპროექტი მტკიცე მესიჯს გაგზავნის, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას მაშინ, როცა ისინი თვითგამორკვევის უფლებისთვის იბრძვიან და [კანონპროექტი] აშშ-ს მიანიჭებს ინსტრუმენტებს, რათა ქართველებს საკუთარ პოლიტიკურ სისტემაში სამართლიანობის აღდგენაში დაეხმაროს".
10 მარტს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, MEGOBARI აქტით: დაიწყება სრული გადახედვა აშშ-საქართველოს ურთიერთობის, მათ შორის, დახმარების პროგრამების კუთხითაც;აღიარებული იქნება ქართველი ხალხის მხარდაჭერა ევროატლანტიკური გაწევრიანების პროცესის მიმართ, რისადმი ერთგულებაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი;დაავალდებულებს პრეზიდენტს, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ხელშემწყობებს, რომლებიც ჩართული იყვნენ კორუფციაში, რათა ჩაეშალათ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, [რომლებმაც] ძირი გამოუთხარეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული იყვნენ სხვა სახის კორუმპირებულ ქმედებებში, რაც დამაზიანებელი იყო საქართველოში სტაბილურობისთვის;გააძლიერებს ხალხებს შორის კავშირებსა და თავდაცვაში თანამშრომლობას, როდესაც საქართველო კვლავ თანხვედრაში მოვა საკუთარ კონსტიტუციურ ვალდებულებებთან;გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უწყვეტი და არალეგალური რუსული ოკუპაციის ფონზე;მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის ძალის გადამეტებისგან ქართველი ხალხისა და საქართველოს კონსტიტუციის დასაცავად მუშაობდა.