
თურქეთში იმამოღლუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ტექსტების გამო ათობით ადამიანი დააკავეს
20/03/2025 12:44:27 მსოფლიო
სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს დაკავებაზე სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტების გამო თურქეთში 37 პირი დააკავეს.
სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პრეზიდენტ ერდოღანის მთავარ მეტოქედ განიხილევა, კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს, ასევე გაიცა 100 დაკავების ორდერი, მათ შორის არიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები.
ერთი დღით ადრე სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გაუუქმა, რაც დაბრკოლებაა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის.
მთავარი ოპოზიციური ძალის, თურქეთის სახალხო რეპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, იმამოღლუს დაკავება არის "გადატრიალების მცდელობა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".
უახლოეს დღეებში თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტია პრაიმერიზისთვის ემზადებოდა, სადაც იმამოღლუ საპრეზიდენტო კანდიდატად უნდა აერჩიათ.
იმამოღლუს დაკავების შემდეგ მთავრობის მიერ მანიფესტაციის 4-დღიანი აკრძალვის დაწესების მიუხედავად, მერის დაკავებას თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში ათასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტოდ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ ალი იერლიკაიას მტკიცებით, მათ „გამოავლინეს სოციალური მედიის 261 ანგარიში, რომლებიც ავრცელებდნენ პროვოკაციულ, სიძულვილის ან დანაშაულის შემცველ პოსტებს”.
მინისტრის თქმით, ამ ანგარიშებიდან „62-ს მართავს საზღვარგარეთ მყოფი ხალხი”.
ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფის, NetBlocks-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდულია X-ის, YouTube-ის, Instagram-ისა და TikTok-ის წვდომა.
იმამოღლუ სტამბოლის მერად 2019 წელს აირჩიეს, ხოლო 2024 წელს ეს პოსტი ხელახლა დაიკავა.
მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 2028 წელს არის დანიშნული.