
"რადიო თავისუფლებამ" აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს სასამართლოში უჩივლა
19/03/2025 06:24:40 საზოგადოება
"რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ" (RFE/RL)შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) და მის თანამდებობის პირებს კერი ლეიკს და ვიქტორ მორალესს სასამართლოში უჩივლა, რათა დაბლოკოს მათი მცდელობა, შეწყდეს აშშ-ის კონგრესის მიერ მედიასაშუალებისთვის დამტკიცებული დაფინანსება, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
მისივე ცნობით, RFE/RL-ს საჩივარში, რომელიც 18 მარტს აშშ-ში წარედგინა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს, ნათქვამია, რომ კონგრესის მიერ გამოყოფილ სახსრებზე უარი არღვევს ფედერალურ კანონებს, მათ შორის აშშ-ის კონსტიტუციას, რომელიც კონგრესს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებამოსილებას ფედერალური ხარჯების საკითხში.
„ახლა იმის დრო არ არის, რომ ადგილი დავუთმოთ ამერიკის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდას და ცენზურას. მიგვაჩნია, რომ კანონი ჩვენს მხარესაა და მთელ მსოფლიოში დესპოტების მიერ ჩვენი აღსასრულის ზეიმი ნაადრევია”, - განაცხადა RFE/RL-ს პრეზიდენტმა სტივენ კაპუსმა.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი განკარგულებით შეამცირა შვიდი სააგენტო, მათ შორის USAGM, რომელიც ზედამხედველობას უწევს "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას", "ამერიკის ხმას" და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
ტრამპის ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ გლობალური მედიის სააგენტომ გამოგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ "რადიო თავისუფლებას" აშშ-ის კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.
ცნობისთვის: "რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება" 1953 წელს დაარსდა და აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება გლობალური მედიის სააგენტოს მეშვეობით. "რადიო თავისუფლების" ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.