
CNN: მოსამართლემ USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა
19/03/2025 05:56:31 მსოფლიო
ილონ მასკმა, როგორც ჩანს, გადააჭარბა აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის საქმიანობით, – ამის შესახებ განაცხადა ფედერალურმა მოსამართლემ, როდესაც მან განუსაზღვრელი ვადით დაბლოკა USAID-ის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება – იუწყება CNN.
გამოცემის ცნობით, სასამართლომ დაადგინა, რომ ქმედებები USAID-ის დახურვის შესახებ სავარაუდოდ, არღვევს შეერთებული შტატების კონსტიტუციას.
სასამართლოს თანახმად, მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, არ შეუძლია, შეწყვიტოს USAID-ს კონტრაქტები ან გრანტები, ასევე გაათავისუფლოს ან დატოვოს შვებულებაში თანამშრომლები.
CNN–ის ინფორმაციით, ჯერ თეთრმა სახლმა და შემდეგ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოსამართლე გააკრიტიკეს.
„თაღლითი მოსამართლეები არღვევენ ამერიკელი ხალხის ნებას, რომ შეაჩერონ პრეზიდენტი ტრამპი მისი დღის წესრიგის შესრულებაში“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ანა კელიმ და დასძინა: „თუ ამ მოსამართლეებს სურთ საკუთარი პარტიული იდეოლოგიური ძალაუფლება ხელისუფლებაში, თავად უნდა იყარონ კენჭი".
მოგვიანებით, Fox News-თან ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.
„გარანტიას გაძლევთ, ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ გვყავს თაღლითი მოსამართლეები, რომლებიც ანგრევენ ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა ტრამპმა.