
რაზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა
18/03/2025 18:18:08 მსოფლიო
აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერებს შორის ზარი დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა, რის ფარგლებშიც მათ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით თეთრმა სახლმა განცხადება გამოაქვეყნა:
"დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ ამ კონფლიქტის დასრულება გრძელვადიანი მშვიდობით არის საჭირო. მათ ასევე ხაზი გაუსვეს აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების საჭიროებას. სისხლი და განძი, რომელიც როგორც უკრაინამ, ასევე რუსეთმა გაიღო ამ ომში, უკეთ დაიხარჯებოდა მათივე ხალხის საჭიროებებზე.
ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დამთავრებულიყო გულწრფელი და კეთილი ნების მქონე სამშვიდობო ძალისხმევით. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება, ასევე ტექნიკური მოლაპარაკებები გაიმართება შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე, სრული ცეცხლის შეწყვეტასა და პერმანენტული მშვიდობის დანერგვის შესახებაც. ეს მოლაპარაკებები მყისიერად დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
ლიდერებმა ზოგადად ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც რეგიონზე მომავალი კონფლიქტების აღსაკვეთად პოტენციური თანამშრომლობისთვის. მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის არ გავრცელების საჭიროება და სხვებთან გამართავენ საუბრებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ამის მაქსიმალურად სისრულეში მოყვანა. ორივე ლიდერი იზიარებს ხედვას, რომ ირანი არასდროს უნდა იყოს ისეთ პოზიციაში, რომ ისრაელის განადგურება შეძლოს.
ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მომავალს, აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით, დიდი უპირატესობა აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა მიღწეული იქნება".
კრემლის მიერ გამოქვეყნებული გნცხადების მიხედვით, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს “უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა”.
“ხაზგასმულია, რომ კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ, საკვანძო პირობა უნდა გახდეს კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
კრემლის თანახმად, საუბრისას ტრამპმა ორივე მხარეს 30 დღით ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება შესთავაზა, ხოლო “ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა ამ ინიციატივას და მაშინვე გასცა რუსი სამხედროების მიმართ შესაბამისი ბრძანება”.
ასევე, განცხადებაში კრემლი "მშვიდობიანად მოგვარებისთვის" ითხოვს “კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობისა [და] უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას”.
კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება “175-175-ზე” ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.
“ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევა ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები”, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.