
The Times: უკრაინაში შესაძლოა, 10 000–ზე მეტი მშვიდობის დამცველი გაიგზავნოს, კონტინგენტის ძირითადი ნაწილი ბრიტანელი და ფრანგი სამხედროებით იქნება დაკომპლექტებული
17/03/2025 06:53:03 მსოფლიო
ე.წ. მოსურნეთა კოალიცია, რომლის წევრებიც გეგმავენ, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში იქ თავიანთი სამხედროები მშვიდობის შენარჩუნების მიზნით გაგზავნონ, მზადაა, ჩამოაყალიბოს კონტინგენტი, რომლის რაოდენობა 10 ათასს გადააჭარბებს, – იუწყება The Times.
მისი ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა დასავლეთის ქვეყნების ლიდერებთან გამართულ ვირტუალურ შეხვედრაზე განაცხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მას ბრიტანეთის მთავრობის მაღალი რანგის წყაროებმა აცნობეს, რომ "მისიაში მონაწილეობისთვის მზადაა არაერთი ქვეყანა, თუმცა კონტინგენტის ძირითადი ნაწილი ბრიტანელი და ფრანგი სამხედროებით იქნება დაკომპლექტებული".
"სახელმწიფოები, რომლებიც თავიანთი სამხედროების გასაგზავნად მზად არ არიან, გამოთქვამენ მზაობას მისიისთვის დახმარების გაწევაზე იარაღით, მატერიალური, ტექნიკური და სადაზვერვო მხარდაჭერით. იუწყებიან, რომ საერთო ჯამში საუბარია 35-მდე სახელმწიფოზე. იმის შესახებ, შედის თუ არა მათში აშშ, ცნობები არ არის.
ვირტუალურ შეხვედრაში მონაწილეობა 29 ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის ევროკავშირის წევრების უმეტესობის, კანადის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის ლიდერებმა, ასევე ნატო–ს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ მიიღეს.
უფრო ადრე პარიზსა და ლონდონში გამართულ შეხვედრებზე დასავლეთის ქვეყნებმა გამოაცხადეს "მოსურნეთა კოალიციის" შექმნის თქონბაზე. ესაა ქვეყნების ჯგუფი, რომელიც მზადაა უკრაინის დასახმარებლად. დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გამოთქვეს მზაობა თავანთი სამხედროები მიავლინონ სამშვიდობო მისიით, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ.
კრემლს ბევრჯერ აქვს გამოცხადებული, რომ მისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიაზე ნატო–ს წევრი ქვეყნების სამხედროების ყოფნა. უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა კვირას განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნების სამხედროთა უკრაინაში ყოფნა შედეგად მოიტანს "ომს ნატო–სთან". მედვედევი წერს, რომ მშვიდობის დამცველები უნდა იყვნენ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ნატო–ს წევრები არ არიან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ რუსეთს არ აქვს ვეტო–ს უფლება უკრაინაში უცხოელი სამხედროების განთავსებაზე, თუკი ამ კონტინგენტს კიევი მიიწვევს. ამასთან, მაკრონის თქმით, სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში შესაძლოა იყვნენ როგორც ევროპის სახელმწიფოების, ისე სხვა ქვეყნების სამხედროები.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები", რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება. მოცემულ მომენტში შერიგების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. კიევი რუსეთს ბრალს სდებს, რომ მას არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება.