
ტრამპი: პუტინთან სატელეფონო საუბარის გამართვას 18 მარტს ვგეგმავ
17/03/2025 06:05:31 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარის გამართვას 18 მარტს გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გასული კვირის ბოლოს დიდი სამუშაო ჩატარდა.
„გვსურს ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ომის დასრულებას“, - განაცხადა ტრამპმა.
მან არც დადებითი და არც უარყოფითი შედეგი არ გამორიცხა, თუმცა, თქვა, რომ „კარგი შანსები“ არსებობს.
აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, რუსულ და უკრაინულ მხარეებთან განიხილება „გარკვეული აქტივების გაყოფა“ და საუბარი იქნება ტერიტორიებსა და ელექტროსადგურებზე. დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა როგორც ამერიკული მედია წერს, სავარაუდოდ, გულისხმობდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
ცნობისთვის: გასულ კვირაში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კი სატელეფონო საუბარი გამართა საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები", რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება. მოცემულ მომენტში შერიგების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. კიევი რუსეთს ბრალს სდებს, რომ მას არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება.