
უიტკოფი: ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბარი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება
17/03/2025 05:43:50 მსოფლიო
აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უკრაინაში ომის დასრულების შესაძლებლობაზე სატელეფონო საუბარი სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა CNN-ის ეთერში განაცხადა.
უიტკოფის თქმით, მოსკოვში მას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან "პოზიტიური მოლაპარაკება ჰქონდა". უიტკოფი იმედოვნებს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის დაგეგმილი საუბარიც "კარგი და პოზიტიური იქნება".
გასულ კვირაში საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ მხარი დაუჭირა აშშ-ის წინადადებას რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი შეთანხმების გაფორმებაზე, მისი გახანგრძლივების შესაძლებლობით. პუტინმა პრინციპულად არ უარყო ეს იდეა, თუმცა აღნიშნა, რომ "არის ნიუანსები", რომლებიც მოსკოვის პირობებს უკავშირდება. მოცემულ მომენტში შერიგების შესახებ შეთანხმება მიღწეული არ არის. კიევი რუსეთს ბრალს სდებს, რომ მას არ სურს კონფლიქტის მშვიდობიანი დასრულება.