
პუტინის თანაშემწე: მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი - ეს სხვა არაფერია, თუ არა სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის
13/03/2025 12:21:48 მსოფლიო
მოსკოვს არ სურს დროებითი ზავი უკრაინასთან და დაინტერესებულია კონფლიქტის გრძელვადიანი მოგვარებით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ იური უშაკოვმა განაცხადა.
„ვთვლით, რომ ჩვენი მიზანია ხანგრძლივი მშვიდობიანი მოგვარება და ამისკენ ვისწრაფვით - მშვიდობიანი მოგვარებისკენ, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნის ლეგიტიმურ ინტერესებს, ჩვენს ცნობილ შეშფოთებებს. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში არავის სჭირდება რაღაც ნაბიჯები, რაც მშვიდობიანი ქმედებების იმიტაციას წარმოადგენს“, - თქვა უშაკოვმა.
მისი თქმით, მან ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პოზიცია აშშ-ის მთავრობის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცთანაც გამოთქვა: „მე გავაკეთე კომენტარი ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესახებ მიღწეულ შეთანხმებებზე და გამოვთქვი ჩვენი პოზიცია, რომ ეს სხვა არაფერია, თუ არა დროებით სულის მოთქმა უკრაინელი სამხედროებისთვის, მეტი არაფერი“, - აღნიშნა უშაკოვმა.
ახლო აღმოსავლეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი მოსკოვში ჩავიდა. ინფორმაციას "ინტერფაქსი" ავრცელებს, რუსეთის საავიაციო სამსახურზე დაყრდნობით.სააგენტოს თანამოსაუბრე აღნიშნავს, რომ ვიტკოფის თვითმფრინავი Gulfstream G650 კატარიდან ჩაფრინდა.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ უკრაინის საკითხის დარეგულირებაზე მომუშავე მომლაპარაკებლები ამერიკული მხრიდან, მოსკოვისკენ მიფრინავენ.
“ნამდვილად, მომლაპარაკებლები მოფრინავენ, ნამდვილად კონტაქტები დაგეგმილია“, - დაამატა პესკოვმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ასევე თქვა, რომ მისი წარმომადგენლები რუსეთში გაემგზავრებიან.
საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებების შედეგებსა და კიევიდან მიღებული თანხმობის შესახებ ვაშინგტონის წინადადებაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ახლა ყველაფერი რუსეთზეა დამოკიდებული“.
სააგენტო Reuters-ი ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა აშშ-ს უკვე გადასცა უკრაინასთან სამშვიდობო და ვაშინგტონთან გადატვირთვის შეთანხმების მისაღწევად საჭირო მოთხოვნები. თუმცა გაურკვეველია, ზუსტად რა მოთხოვნებს შეიცავს რუსეთის მიერ შედგენილი სია და მზადაა თუ არა მათ მიღებამდე უკრაინასთან მოლაპარაკების დასაწყებად. რუსი და ამერიკელი ოფიციალური პირები სამი კვირის განმავლობაში განიხილავდნენ პირობებს, როგორც პირისპირ შეხვედრის, ასევე დისტანციურ ფორმატში, ეუბნებიან წყაროები Reuters-ს.
მათ სიტყვებით, კრემლის მოთხოვნები ემთხვევა მანამდე უკრაინის, აშშ-ისა და ნატოსთვის წაყენებულ მოთხოვნებს, რომელთა შორის იყო ნატოში გაწევრიანებაზე უკრაინის უარის აუცილებლობა, საერთაშორისო ჯარების განლაგების დაუშვებლობა უკრაინის ტერიტორიაზე მათ შორის, პუტინის ბრძანებით რუსეთის ტერიტორიად გამოცხადებულ ყირიმსა და ოთხ უკრაინულ ოლქში.
უფრო ადრე Washington Post-ი წერდა, რომ ევროპულმა დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტი, მოლაპარაკებებზე რუსეთის პოტენციური მოთხოვნებით, რომელიც მოამზადა ანალიტიკურმა ცენტრმა, რომელიც უშიშროების ფედერალურ სამსახურის ხუთივე დანაყოფთან თანამშრომლობს. მოთხოვნები მოიცავს „კიევის რეჟიმის დემონტაჟს“. გეგმაში არარეალურადაა შეფასებული აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გეგმა, 100 დღეში მშვიდობის მიღწევის შესახებ, უკრაინის კრიზისის დასრულება კი შეუძლებლადაა მიჩნეული 2026 წლამდე.