
საქართველო იდლიბში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ იერიშს გმობს
28/02/2020 13:09:43 საგარეო პოლიტიკა
საქართველო სირიის იდლიბის პროვინციაში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ განხორციელებულ იერიშს გმობს. ამის შესახებ ოფიციალური თბილისის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებულ ონურ სევინის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სირიის პროვინცია იდლიბში არსებული ვითარება. თურქეთის მხარემ მიაწოდა მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია განვითარებულ მოვლენებზე, რომელთა შედეგად იერიში იქნა მიტანილი რეგიონში განლაგებული თურქეთის შეიარაღებული ძალების სამონიტორინგო პუნქტის მიმართ. ალექსანდრე ხვთისიაშვილმა დაუდასტურა თურქეთის წარმომადგენელს საქართველოს მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის – თურქეთის რესპუბლიკის მიმართ, დაგმო ძალადობრივი იერიში თურქეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ და გამოხატა მწუხარება თურქეთის ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით. "მსგავსი თავდასხმები ასადის რეჟიმის და მისი მოკავშირეების მხრიდან უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ალექსანდრე ხვთისიაშვილმა. მხარეებმა გამოხატეს იმედი საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო აქტიურ ჩართულობაზე სირიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რის შედეგად შესაძლებელი გახდება ვითარების დეესკალაცია".
ცნობისთვის: 27 თებერვალს იდლიბში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის არმიის მიერ განხორციელებულ საჰაერო იერიშებს, სულ მცირე, 33 თურქი სამხედრო ემსხვერპლა. მოგვიანებით თურქეთმა საპასუხო შეტევა განახორციელა. რუსეთი სირიაში თურქი სამხედროების დაღუპვაზე პასუხისმგებლობას იხსნის.
იდლიბში თურქეთის არმიასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებები უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ვითარება განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც ქალაქ სარაქებთან ასადის რეჟიმის მიერ განხორციელებულ დაბომბვას 9 თურქი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.
- თურქეთი და რუსეთი სირიის კონფლიქტში სხვადასხვა მხარეებს - შესაბამისად, ოპოზიციასა და ასადის რეჟიმს უჭერენ მხარს. ამასთან, ორივე მხარე სირიის ჩრდილო-დასავლეთით, იდლიბში დაზავების გარანტად პოზიციონირებს. თურქეთი ზავის დარღვევაში ასადის ჯარს ადანაშაულებს, ხოლო რუსეთი - შეიარაღებულ ოპოზიციას. თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებები ჯერ-ჯერობით შედეგს არ იძლევა. პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ იდლიბში ასადის ძალების წინააღმდეგ თურქეთის ოპერაცია მხოლოდ დროის საკითხი იყო. თავის მხრივ, მოსკოვმა თურქეთი გააფრთხილა, ოპერაციის დაწყებისგან თავი შეეკავებინა.
- სირიის კონფლიქტში ჩართვას თურქეთი იდლიბში მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსეთთან შეთანხმებით მოწყობილ სადამკვირვებლო საგუშაგოებზე მყოფი თავისი სამხედროების დაცვის მოტივით ხსნის. თავის მხრივ, რუსეთი ირწმუნება, რომ ასადის ჯარები ებრძვიან ტერორისტებს, რომლებზეც ზავის შესახებ შეთანხმება არ ვრცელდება.