
კიევი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დეტალების განხილვას მომავალი კვირისთვის აანონსებს
12/03/2025 07:40:43 მსოფლიო
კიევი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დეტალების განხილვას მომავალ კვირას - 17 მარტიდან 23 მარტამდე აპირებს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა.
"ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ტექნიკური ექსპერტების დონეზე გუნდები დაიწყებენ საუბარს ყველა დეტალზე", - თქვა ერმაკმა.
მანამდე, მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა რუსულ მხარესთან უნდა განიხილოს ის წინადადებები, რომლებიც საუდის არაბეთში ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებების დროს იქნა შემუშავებული.
„ამ შეხვედრის შემდეგ გასაღები რუსული მხარის ხელშია. ახლა მთელი მსოფლიო დაინახავს, რეალურად ვის უნდა მშვიდობა, ვის - არა და მხოლოდ საუბრობს ამაზე“, - დასძინა ერმაკმა.
*****
ცნობისთვის: ჯედას შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ "დარწმუნებული იყო" რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სურვილში, ომი დაესრულებინა და რომ უკრაინული მხარის დაყოლიება უფრო უჭირდა, ვიდრე რუსულის.
სამშაბათს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების ერთდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. ცხრასაათიანი საუბრის შემდეგ კიევი დათანხმდა ამერიკულ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის დაუყოვნებლივ შემოღების თაობაზე, თუმცა ამის პირობა რუსეთის თანხმობაა.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკელი დელეგატები შეხვდებიან რუსეთის წარმომადგენლებს "დღეს ან ხვალ" და რომ ის აპირებს, თავადაც გაესაუბროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "ამ კვირაში".
„იმედი მაქვს, შევძლებთ შეთანხმებას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია. საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ომის დასრულების გზის 75%-ის დაძლეულობის ნიშანი იქნებოდა. თუ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ დავიყოლიებთ, სისხლისღვრა გაგრძელდება, ხვალ და მომდევნო დღეებში ადამიანები კვლავ დაიხოცებიან”, - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“. „ვიმედოვნებთ, რომ რუსები საპასუხო რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა რუბიომ.
იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აცნობა ჟურნალისტებს, რომ ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის "კონტაქტები ახლა საკმაოდ ინტენსიურია" და რომ მოსკოვი არ გამორიცხავს აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უახლოეს დღეებში.
****
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება "უნდა იყოს რუსული და არა ამერიკული პირობებით". ასე გამოეხმაურა იგი 11 მარტს უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის დაუყოვნებლივ შემოღების თაობაზე, რაზეც რუსეთის თანხმობაცაა საჭირო.
"[1 თებერვლის - რედ.] მოლაპარაკებებზე ვაშინგტონმა კიევს საკუთარი პირობები წაუყენა. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან, ქედს იხრიან და იდრიკებიან, [უკრაინის პრეზიდენტი - რედ.] ზელენსკი ღრმა თავდაცვაშია. მაგრამ რუსეთთან ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან რუსული არმია უკრაინაში წინ მიიწევს. და ეს არაა ტრაბახი - ეს იმის აღქმაა, რომ რეალური შეთნხმებები ჯერ კიდევ წინაა და იწერება იქ - ფრონტზე. ეს აშშ-მაც უნდა გააცნობიეროს" - დაწერა კოსაჩოვმა თავის ტელეგრამ-არხში.
ამასთან, მან მოუწოდა "გარე კომენტატორებს", უახლოესი დღეებისთვის დაგეგმილ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებს ხელი არ შეუშალონ.
"გამარჯვება ჩვენი იქნება", - დაასკვნა კოსაჩოვმა.
****
ჯედას შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ "დარწმუნებული იყო" რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სურვილში, ომი დაესრულებინა და რომ უკრაინული მხარის დაყოლიება უფრო უჭირდა, ვიდრე რუსულის.