
რუსეთს უკრაინაში ომის დასრულება "საკუთარი და არა ამერიკული პირობებით" სურს
12/03/2025 06:29:35 მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის კონსტანტინე კოსაჩოვის განცხადებით, უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ნებისმიერი შეთანხმება "უნდა იყოს რუსული და არა ამერიკული პირობებით". ასე გამოეხმაურა იგი 11 მარტს უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებზე მიღწეულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის დაუყოვნებლივ შემოღების თაობაზე, რაზეც რუსეთის თანხმობაცაა საჭირო.
"[1 თებერვლის - რედ.] მოლაპარაკებებზე ვაშინგტონმა კიევს საკუთარი პირობები წაუყენა. უკრაინელები ეთანხმებიან იმას, რასაც ეუბნებიან, ქედს იხრიან და იდრიკებიან, [უკრაინის პრეზიდენტი - რედ.] ზელენსკი ღრმა თავდაცვაშია. მაგრამ რუსეთთან ყველაფერი სხვაგვარად იქნება, რადგან რუსული არმია უკრაინაში წინ მიიწევს. და ეს არაა ტრაბახი - ეს იმის აღქმაა, რომ რეალური შეთნხმებები ჯერ კიდევ წინაა და იწერება იქ - ფრონტზე. ეს აშშ-მაც უნდა გააცნობიეროს" - დაწერა კოსაჩოვმა თავის ტელეგრამ-არხში.
ამასთან, მან მოუწოდა "გარე კომენტატორებს", უახლოესი დღეებისთვის დაგეგმილ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებს ხელი არ შეუშალონ.
"გამარჯვება ჩვენი იქნება", - დაასკვნა კოსაჩოვმა.
ცნობისთვის: ჯედას შეხვედრამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ "დარწმუნებული იყო" რუსეთის პრეზიდენტ პუტინის სურვილში, ომი დაესრულებინა და რომ უკრაინული მხარის დაყოლიება უფრო უჭირდა, ვიდრე რუსულის.
სამშაბათს, 11 მარტს, საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების ერთდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა. ცხრასაათიანი საუბრის შემდეგ კიევი დათანხმდა ამერიკულ წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის 30-დღიანი რეჟიმის დაუყოვნებლივ შემოღების თაობაზე, თუმცა ამის პირობა რუსეთის თანხმობაა.
ამის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკელი დელეგატები შეხვდებიან რუსეთის წარმომადგენლებს "დღეს ან ხვალ" და რომ ის აპირებს, თავადაც გაესაუბროს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს "ამ კვირაში".
„იმედი მაქვს, შევძლებთ შეთანხმებას. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია. საბრძოლო მოქმედებების შეჩერება ომის დასრულების გზის 75%-ის დაძლეულობის ნიშანი იქნებოდა. თუ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტაზე ვერ დავიყოლიებთ, სისხლისღვრა გაგრძელდება, ხვალ და მომდევნო დღეებში ადამიანები კვლავ დაიხოცებიან”, - თქვა მან.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ „ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა“. „ვიმედოვნებთ, რომ რუსები საპასუხო რეაგირებას მოახდენენ“, - განაცხადა რუბიომ.
იმავე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აცნობა ჟურნალისტებს, რომ ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის "კონტაქტები ახლა საკმაოდ ინტენსიურია" და რომ მოსკოვი არ გამორიცხავს აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრებს უახლოეს დღეებში.