Accentnews.ge
კალასი: ევროკავშირი აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგებს მიესალმება, ახლა რუსეთმა უნდა გამოავლინოს მშვიდობის მიღწევისადმი მზაობა

კალასი: ევროკავშირი აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგებს მიესალმება, ახლა რუსეთმა უნდა გამოავლინოს მშვიდობის მიღწევისადმი მზაობა

12/03/2025 06:19:21 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი აცხადებს, რომ ბლოკი აშშ-უკრაინის მოლაპარაკების შედეგებს მიესალმება.

მისი თქმით, ევროკავშირი მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს ომის დასრულების საქმეში უკრაინასთან, აშშ-სთან და სხვა პარტნიორებთან ერთად.

“ევროკავშირის მიზანი უკრაინის მხარდაჭერაა ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მტკიცე მშვიდობის მიღწევაში, რომელიც ემყარება გაეროს წესდებასა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ცეცხლის შეწყვეტის წინადადება თუ მას რუსეთიც მიიღებს - შესაძლოა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯად იქცეს, ახლა რუსეთმა უნდა გამოავლინოს მშვიდობის მიღწევისადმი მზაობა. გარდა ამისა, ევროკავშირი მიესალმება საუდის არაბეთის ძალისხმევას მოლაპარაკებების ორგანიზებაში", - ნათქვამია კაია კალასის განცხადებაში.

ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლება დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 30-დღიანი ვადით დაუყოვნებლივ შემოღების თაობაზე, იმ პირობით, რომ ამას რუსეთიც დასთანხმდება. ამასთან, მხარეთა შემდგომი თანხმობის შემთხვევაში 30-დღიანი ვადა შეიძლება, გახანგრძლივდეს, - იუწყება საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.

ამასთანავე, მისი ინფორმაციით, ამერიკული მხარე დაუყოვნებლივ აღუდგენს უკრაინას სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას.

თავის მხრივ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დელეგაციების შეხვედრამ "პროდუქტიულად" ჩაიარა და რომ ამერიკულმა მხარემ "პოზიტიური ცნობები" მიიღო.

უცხოური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობაზე, ტყვეთა გაცვლის, დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლებისა და უკრაინიდან ძალდატანებით გაყვანილი ბავშვების დაბრუნების ჩათვლით.

გარდა ამისა, დელეგაციები ჯეთანხმდნენ, განსაზღვრონ მომლაპარაკებელთა ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამასთან, ამერიკულმა მხარემ აიღო ვალდებულება, კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილოს.

ამასთან, კიევი კვლავინდებურად ხაზს უსვამს სამშვიდობო პროცესში ევროპელი მოკავშირების ჩართულობის აუცილებლობას.

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, "რაც შეიძლება, სწრაფად" გააფორმონ გარიგება უკრაინის წიაღისეულის თაობაზე და "უზრუნველჰყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა".

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ზავს "უახლოეს ხანებში" დასთანხმდება.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინულმა დელეგაციამ წარმოადგინა კონკრეტული ნაბიჯები და წინადადებები კონფლიქტის დასასრულებლად და რომ უახლეს დღეებში იგი ამ თემაზე რუსეთის წარმომადგენლებს გაესაუბრება.

თავის მხრივ, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამერიკულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებმა "პოზიტიურად და კონსტრუქციულად" ჩაიარა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S