
ევროპელი ლიდერები მიესალმებიან აშშ-უკრაინის შეთანხმებას და აცხადებენ, რომ "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა"
11/03/2025 22:14:48 მსოფლიო
ევროპელი ლიდერები მიესალმებიან აშშ-უკრაინის მიერ მიღწეულ შეთანხმებას საუდის არაბეთში.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმება უკრაინის განცხადებას, რომ მზად არის, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის.
„ბურთი ახლა აშკარად რუსეთის მოედანზეა“, - დაწერა მაკრონმა X-ზე.
მისი თქმით, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულნი, რომელსაც მხარს დაუჭერს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები.
განცხადებას აქვეყნებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერიც, რომელიც "თბილად" მიესალმება ჯედაში მიღწეულ შეთანხმებას და ულოცავს პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის "ამ შესანიშნავ გარღვევას".
"ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი უკრაინაში მშვიდობისთვის და ჩვენ ყველამ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ გრძელვადიან და უსაფრთხო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის და ბრძოლების შეწყვეტას" , - აღნიშნა სტარმერმა.
მისივე თქმით, შაბათს მოიწვევს მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებს ვირტუალურ შეხვედრაზე "შემდეგი ნაბიჯების განსახილველად“ და დასძინა:
"ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ ამ ომის დასრულებას სამართლიანი გზით".
ასევე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ევროპა მზად არის დაეხმაროს სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას.
"როგორც ჩანს, ამერიკელებმა და უკრაინელებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგნენ მშვიდობისკენ. ევროპა კი მზადაა , დაეხმაროს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევაში", - დაწერა ტუსკმა.
ცნობისთვის: უკრაინის ხელისუფლება დასთანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის 30-დღიანი ვადით დაუყოვნებლივ შემოღების თაობაზე, იმ პირობით, რომ ამას რუსეთიც დასთანხმდება. ამასთან, მხარეთა შემდგომი თანხმობის შემთხვევაში 30-დღიანი ვადა შეიძლება, გახანგრძლივდეს, - იუწყება საუდის არაბეთში ამერიკულ დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.
ამასთან, მისი ინფორმაციით, ამერიკული მხარე დაუყოვნებლივ აღუდგენს უკრაინას სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას.
თავის მხრივ, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დელეგაციების შეხვედრამ "პროდუქტიულად" ჩაიარა და რომ ამერიკულმა მხარემ "პოზიტიური ცნობები" მიიღო.
უცხოური მედიის ინფორმაციით, მხარეებმა იმსჯელეს ასევე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობაზე, ტყვეთა გაცვლის, დაკავებული სამოქალაქო პირების გათავისუფლებისა და უკრაინიდან ძალდატანებით გაყვანილი ბავშვების დაბრუნების ჩათვლით.
გარდა ამისა, დელეგაციები შეთანხმდნენ, განსაზღვრონ მომლაპარაკებელთა ჯგუფების შემადგენლობა და დაუყოვნებლივ დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამასთან, ამერიკულმა მხარემ აიღო ვალდებულება, კონკრეტული წინადადებები რუსეთის წარმომადგენლებთან განიხილოს.
ამასთან, კიევი კვლავინდებურად ხაზს უსვამს სამშვიდობო პროცესში ევროპელი მოკავშირების ჩართულობის აუცილებლობას.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები ასევე შეთანხმდნენ, "რაც შეიძლება, სწრაფად" გააფორმონ გარიგება უკრაინის წიაღისეულის თაობაზე და "უზრუნველჰყონ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოება და კეთილდღეობა".
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი ზავს "უახლოეს ხანებში" დასთანხმდება.
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინულმა დელეგაციამ წარმოადგინა კონკრეტული ნაბიჯები და წინადადებები კონფლიქტის დასასრულებლად და რომ უახლეს დღეებში იგი ამ თემაზე რუსეთის წარმომადგენლებს გაესაუბრება.
თავის მხრივ, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა კეროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ ამერიკულ და უკრაინულ მხარეებს შორის მოლაპარაკებებმა "პოზიტიურად და კონსტრუქციულად" ჩაიარა.