
საქართველოში ახალი პირადობისა და ბინადრობის მოწმობები განახლებული დიზაინით გაიცემა, ემატება QR კოდი
11/03/2025 14:07:13 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” იუსტიციის მინისტრის ანრი ოხანაშვილის გადაწყვეტილებით ახალი პირადობისა და ბინადრობის მოწმობები განახლებული დიზაინით გაიცემა. ამის შესახებ ოხანაშვილის 10 მარტის ბრძანებაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ბრძანება ამოქმედდება 2025 წლის 4 ივნისიდან. რაც შეეხება ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ შესაბამის მოწმობებს, ისინი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით იმოქმედებს.
ახალი პირადობის მოწმებები (ID ბარათი) კვლავ 10 წლის ვადით გაიცემა. მთავარი სიახლე ისაა, რომ ID ბარათებზე დაიდატენ QR კოდს, რომლიც შესაძლებელს გახდის დოკუმეტზე დატანილი ინფორმაციის ონლაინ გადამოწმებას.
ბრძანების თანახმად, მოწმობა უნდა შეიცავდეს:
"ა) სახელს;
ბ) გვარს;
გ) სქესს;
დ) მოქალაქეობას;
ე) დაბადების თარიღს;
ვ) დაბადების ადგილს;
ზ) პირად ნომერს;
თ) ფოტოსურათს;
ი) პირადი ხელმოწერის ნიმუშს;
კ) მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას;
ლ) მოწმობის გაცემის თარიღს;
მ) მოწმობის მოქმედების ვადას;
ნ) ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
ო) კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს;
პ) მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number);
ჟ) QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია.
დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე პირის შესახებ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის დატანა (ჩაწერა) შესაძლებელია მხოლოდ ამ პირის მოთხოვნით.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების გრაფების სახელწოდება მოწმობაზე დაიტანება მისი პერსონალიზაციის დროს. გრაფები მოწმობაზე დაიტანება ერთგვაროვნად, ქართულ (გარდა მოწმობის წვდომის კოდისა (CAN – Card Access Number)) და ინგლისურ ენებზე, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO 9303) სტანდარტის შესაბამისად".
ძველიდან ახალ დადგენილებაში გადმოტანიალია დათქმა, რომლის მიხედვით, პირადობის მოწმობა შეიძლება შეიცავდეს ნებისმიერი ციფრის კომბინაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთმანეთის მიყოლებით შეიძლება მოხვდეს სამი ექვსიანი (666XX, X666X, XX666).
ID ბარათების გაცემის დროს მისანიჭებელ ნუმერაციაში ეს შეზღუდვა 2011 წელს ჩაიდო, როცა ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები ახალი ტექნოლოგიით დამზადებული დოკუმენტით უნდა შეცვლილიყო. იმის გამო, რომ მოქალაქეთა ნაწილი სამ ექვსიანის კომბინაციას ეშმაკის ნიშნად აღიქვამს, იმდროინდელმა იუსტიციის მინისტრმა, ზურაბ ადეიშვილმა 2011 წლის 14 ივლისს გამოსცა ბრძანება, რომლითაც პირადობის მოწმობებში ამ კომბინაციების გამოყენება აკრძალა.