
მასკი აცხადებს, რომ უკრაინას Starlink-ს არასდროს გაუთიშავს
10/03/2025 10:41:03 მსოფლიო
SpaceX-ის და Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ უკრაინას არასდროს გამოურთავს თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის მომსახურებას მიუხედავად იმისა, რამდენად არ ეთანხმება უკრაინის პოლიტიკას.
ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის გარეშე უკრაინის ხაზები (თავდაცვის) ჩამოიშლება, რადგან რუსებს ნებისმიერი სხვა კომუნიკაციის ჩახშობა შეუძლიათ. მასკის თქმით, ამას არასდროს არ გააკეთებენ და ვაჭრობის საგნად არ გამოიყენებენ.
ილონ მასკის ამ განცხადებამდე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ თუ SpaceX უკრაინისთვის არასაიმედო მიმწოდებელი აღმოჩნდება, ალტერნატივის მოძებნა მოუწევთ.
უკრაინას Starlink-ით სარგებლობის საფასურს, წელიწადში დაახლოებით 50 მილიონ დოლარს, პოლონეთი უხდის.
პოლონელი მინისტრის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინას არავინ დამუქრებია Starlink-ის გამორთვით და ეს გამოგონილი ამბავია. რუბიოს განცხადებით, მადლობაა სათქმელი, რადგან Starlink-ის გარეშე უკრაინას ომი დიდი ხნის წაგებული ექნებოდა და რუსები პოლონეთის საზღვართან იქნებოდნენ.