
ევროპული საბჭო: ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს
07/03/2025 07:26:29 მსოფლიო
ევროპული საბჭოო ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ დოკუმენტს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ევროკავშირი უკრაინას 2025 წელს 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს.
დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის რეგულარულ და პროგნოზირებად ფინანსურ მხარდაჭერას:
„2025 წელს ბლოკი უკრაინას 30.6 მილიარდ ევროს გადასცემს, აქედან 12.5 მილიარდ ევროს Ukraine Facility-დან და 18.1 მილიარდ ევროს “დიდი შვიდეულის“ მიერ ინიცირებული „შემოსავლების საგანგებო დაჩქარების“ ფარგლებში, რომელიც ანაზღაურდება რუსეთის იმობილიზებული აქტივებიდან მიღებული მოგებით. ევროპული საბჭო მოუწოდებს კომისიას, სასწრაფოდ მიიღოს ყველა საჭირო ზომა ზემოაღნიშნული ინსტრუმენტების ფარგლებში დაფინანსების წინასწარ გამოსაყოფად. საბჭო ასევე მოუწოდებს კომისიას და წევრ სახელმწიფოებს გამოიყენონ Ukraine Facility-ს ფარგლებში არსებული ყველა ვარიანტი უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის გაზრდის მიზნით“.
გარდა ამისა, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპული საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივ და ურყევ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
"რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ უფრო ფართო გავლენა აქვს ევროპულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ომის დაწყებიდან ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა თავიანთ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ხაზი გაუსვეს მისი დასრულების აუცილებლობას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის გზით, რომელიც დაფუძნებულია გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე და ევროპული საბჭო მიესალმება ყველა ძალისხმევას ასეთი მშვიდობის მისაღწევად.
სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ევროპული საბჭო ხაზს უსვამს შემდეგი პრინციპების მნიშვნელობას:
- უკრაინის გარეშე უკრაინაზე მოლაპარაკება არ შეიძლება;
- არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, რომლებიც გავლენას მოახდენს ევროპულ უსაფრთხოებაზე ევროპის ჩართულობის გარეშე. უკრაინის, ევროპის, ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოება გადაჯაჭვულია;
- ნებისმიერი ზავი ან ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება, განხორციელდეს მხოლოდ ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების მომავალი პროცესის ნაწილი;
- ნებისმიერ ასეთ შეთანხმებას თან უნდა ახლდეს უკრაინის უსაფრთხოების მტკიცე და სანდო გარანტიები, რომლებიც ხელს შეუწყობს რუსეთის მომავალი აგრესიის შეკავებას;
- მშვიდობამ პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", –ნათქვამია დოკუმენტში.
საბჭო მიიჩნევს, რომ "უსაფრთხოების გარანტიები უნდა იქნას მიღებული უკრაინასთან, ასევე მის თანამოაზრე და NATO-ს პარტნიორებთან ერთად".
დოკუმენტს მხარი ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა დაუჭირეს, უნგრეთმა თავი შეიკავა.