
პრეზიდენტმა ტრამპმა ჰამასს „ბოლო გაფრთხილება“ მისცა
06/03/2025 05:03:45 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული "ჰამასისგან" მოითხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა მძევალი და დააბრუნოს მოკლულთა ცხედრები. პრეზიდენტმა ტრამპმა 6 მარტს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ თუ ჰამასი მოთხოვნას არ შეასრულებს, ეს მისი დასასრული იქნება.
ტრამპი ასევე წერს, რომ ისრაელს უგზავნის ყველა საჭირო საშუალებას „სამუშაოს დასასრულებლად“ და თუ მოთხოვნა არ შესრულდება, "ჰამასის" ვერც ერთი წევრი უსაფრთხოდ ვერ იქნება. აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ ეს „ბოლო გაფრთხილებაა“ და "სანამ შანსი აქვთ, "ჰამასის" მეთაურებმა ღაზა უნდა დატოვონ".
აშშ-ის პრეზიდენტმა ღაზას სექტორის მცხოვრებთაც მიმართა: „შესანიშნავი მომავალი გელით, თუ მძევლებს გაათავისუფლებენო".
ცნობისთვის: "ჰამასის" მიერ ისრაელიდან 2023 წლის ოქტომბერში გატაცებულ მძევლებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან.
5 მარტს თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ აშშ მძევლების გასათავისუფლებლად "ჰამასთან" მოლაპარაკებას აწარმოებს. მანამდე ვაშინგტონი "ჰამასთან" პირდაპირ კონტაქტს თავს არიდებდა. მოლაპარაკების დაწყებამდე აშშ-ს კონსულტაციები ჰქონდა ისრაელთან.
აშშ-ის, ყატარის და ეგვიპტეს შუამავლობით ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და "ჰამასის" მიერ - მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას. პირველ ეტაპზე, რომელიც მარტის დასაწყისში დასრულდა, "ჰამასმა" ისრაელს მძევლებისა და მძევალთა ცხედრების ნაწილი გადასცა.
ისრაელმა პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა "ჰამასის" წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია ღაზაში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს "ჰამასის" სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს. პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზას სექტორში დაღუპულია 47 000-მდე ადამიანი, მილიონზე მეტი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაერო-ს მონაცემებით, ღაზას სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.