
ზელენსკი: უკრაინისა და აშშ-ს ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს
05/03/2025 17:53:35 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა მორიგი შეხვედრისთვის დაიწყეს მზადება.
როგორც ზელენსკი ამბობს, შედგა კომუნიკაცია და არის "წინსვლა".
"დღეს უკრაინულმა და ამერიკულმა ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ანდრეი ერმაკმა და მაიკ უოლცმა ილაპარაკეს და ჩვენ ვხედავთ წინსვლას. იმედი გვაქვს, რომ პირველივე შედეგებს მომდევნო კვირაში ვიხილავთ. ასევე ჩვენ კვლავ უდნა გავაძლიეროთ ევროპულ გზაზე ჩვენი პროგრესი, კონკრეტულად ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხრივ",- თქვა ზელენსკიმ.
თეთრ სახლში ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტების საჯარო კამათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა უკრაინის სამხედრო დახმარება დააპაუზა, ასვეე ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის დაპაუზების შესახებაც. ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა, თითქოს მას არ სურს მშვიდობა. ზელენსკი სამშვიდობო გარანტიებს ითხოვს.
Daily Mail წერს, რომ ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მზად არიან აშშ-ში მომავალ კვირაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გაემგზავრონ, რათა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სამშვიდობო გეგმაზე ერთიანი პოზიცია წარუდგინონ.
Daily Mail-ის დიპლომატიურმა წყაროებმა დაუდასტურეს, რომ ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა დაიწყოს ორივე მხრიდან საჰაერო და საზღვაო დაბომბვების შეწყვეტით. თუ გეგმა წარმატებით განხორციელდა, შემდეგი ეტაპი იქნება სახმელეთო ცეცხლის შეწყვეტისკენ ნაბიჯების გადადგმა, რაც, როგორც წყარო აღნიშნავს, "უფრო რთული შესამოწმებელი და უფრო მარტივად ჩაშლადი იქნება".
პრეზიდენტმა მაკრონმა თავდაპირველად წარმოადგინა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ბრძოლები ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ საჰაერო და საზღვაო სივრცეში შეწყდებოდა, "თუმცა, ახლა ეს შეთავაზება სავარაუდოდ განუსაზღვრელი ვადით იქნება ძალაში" - წერს გამოცემა.
კირ სტარმერი იმედოვნებს, რომ შეძლებს პრეზიდენტ ტრამპის "დაყოლიებას, რათა აშშ-მ უზრუნველყოს უსაფრთხოების "დამზღვევი მექანიზმი", რომელიც ბრიტანეთს, საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც "მსურველთა კოალიციას" ქმნიან, მშვიდობის შესანარჩუნებლად უკრაინაში საკუთარი სამხედროების გაგზავნის საშუალებას მისცემს.