
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
05/03/2025 17:36:21 მსოფლიო
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ USAID-ის 2 მილიარდი აშშ დოლარის გაყინვის თაობაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა უარყო,- წერს CNN. საუბარის USAID-ისა და სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო დახმარებისთვის გამოყოფილ 2 მილიარდ აშშ დოლარზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციამ იანვარში გაყინა, რათა ხარჯები შეემცირებინა და აღნიშნული ორგანოები მის დღის წესრიგთან თანხვედრაში მოეყვანა.
სასამართლოს გადაწყვეტილება დამატებით არ განუმარტავს, თუმცა განაცხადა, რომ ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ უნდა "განმარტოს, თუ რა ვალდებულებები უნდა შეასრულოს მთავრობამ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შემაკავებელი ორდერის აღსრულება".
ქვედა ინსტანციის სასამართლო ამჯერად აპირებს, განსაზღვროს, დააწესოს თუ არა საგარეო დახმარების გაყინვის წინააღმდეგ უფრო გრძელვადიანი წინასწარი სასამართლო აკრძალვა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა 5-4-ზე გადანაწილებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც მხარი უზენაესი სასამართლოს მთავარმა მოსამართლე ჯონ რობერტსმა და დონალდ ტრამპის მიერ დანიშნულმა მოსამართლე ეიმი კონი ბარეტმაც დაუჭირა.
თავდაპირველად, ტრამპის ადმინისტრაციამ აღმასრულებელი ბრძანების მეშვეობით საგარეო დახმარების გადასახადების გაყინვა სცადა, თუმცა აშშ-ს ფედერალურმა რაიონულმა მოსამართლემ ამირ ალიმ გასცა განკარგულება, რომ დროებითი შემაკავებელი ორდერის ფარგლებში, რომელიც სამი კვირის წინ გამოიცა, ვალდებულებების გადახდა გაგრძელდეს.
ხოლო წინა კვირას, ალიმ, რომელიც ბაიდენის მიერ არის დანიშნული, გადაწყვიტა, რომ ადმინისტრაციამ დროებითი შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია და ტრამპის ადმინისტრაციას უბრძანა, დაგვიანებული ვალდებულებები 26 თებერვლის 23:59 საათამდე გადაეხადა.