
პანამის არხის ძირითად პორტებს ამერიკელები გააკონტროლებენ
05/03/2025 10:26:34 მსოფლიო
პანამის არხის ორივე მხარეს მდებარე ძირითადი პორტების მმართველი ჰოლდინგი, ჰონგ-კონგის Hutchison-ი 90%-იან წილს 19 მილიარდ დოლარად მიჰყიდის ამერიკულ კონსორციუმს, რომელსაც საინვესტიციო კომპანია BlackRock-ი ხელმძღვანელობს.
პორტების მმართველმა გადაწყვეტილება 4 მარტს გამოაცხადა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ბოლო ხანს არაერთხელ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა პანამის არხზე კონტროლი უნდა დაიბრუნოს.
სააგენტო AFP-ს მოჰყავს Hutchison-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ფრენკ სიქსტის სიტყვები, რომ ამერიკულ მხარესთან გარიგება მხოლოდ კომერციული ხასიათისაა და პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს. პანამის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეთანხმება კერძო კომპანიებს შორის შედგა და მასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ჰოლდინგ Hutchison-ის შვილობილი კომპანია Panama Ports Company წლებია მართავს პორტ კრისტობალს, რომელიც ატლანტის ოკეანის მხარეს მდებარეობს და ბალბოას, რომელიც წყნარი ოკეანის მხარესაა. 2021 წელს კომპანიასთან შეთანხმება 25 წლით გაგრძელდა.