
ლუკაშენკო ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის მინსკში შეხვედრას სთავაზობს
05/03/2025 07:57:07 მსოფლიო
ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო დონალდ ტრამპს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინს მინსკში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეხვედრას სთავაზობს.
ბელარუსის ლიდერმა ამერიკელ ბლოგერთან ინტერვიუში აშშ-ს მიერ, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტაზეც ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ მას სურს, დაეხმაროს დონალდ ტრამპს კიევსა და მოსკოვს შორის მშვიდობის დამყარებაში.
"მინსკი მზად არის, რომ უმასპინძლოს აშშ-ს, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად. თუ გსურთ, აქ მოდით.
მხოლოდ 200 კილომეტრია ბელარუსის საზღვრიდან კიევამდე, ნახევარი საათი თვითმფრინავით. შეგიძლიათ მოხვიდეთ და აქ დასხდეთ - შეთანხმებამდე მშვიდად, ხმაურისა და ყვირილის გარეშე მივალთ. უთხარით ტრამპს, რომ მე მას ველოდები აქ, ისევე, როგორც პუტინსა და ზელენსკის. ჩვენ დავსხდებით და მშვიდად მოვილაპარაკებთ". - თქვა ლუკაშენკომ ამერიკელ ბლოგერთან ინტერვიუში.