
რა ქმედებები ჩაითვლება სამშობლოს ღალატად - კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს
03/03/2025 12:07:35 პოლიტიკა
სადავო პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის” მუხლის დამატებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით:
„სისხლის სამართლის კოდექსიდან სამშობლოს ღალატის მუხლის ამოღება ხელოვნურად გამოგონილი დასაბუთებით არც მაშინ იყო სწორი [ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას]და ამას არც დღეს აქვს რაიმე გამართლება. მსგავსი მიდგომა არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სულისკვეთებას და არ ემსახურება საქართველოს მოქალაქეებში სამშობლოსადმი სიყვარულის, ერთგულებისა და პატივისცემის იდეის განმტკიცებას.
ქვეყანას, რომელშიც სამშობლოს ღალატი მართლზომიერ ქმედებად მიიჩნევა, მომავალი არ აქვს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში, არსებობდეს სამშობლოს ღალატის კრიმინალიზაციის დამდგენი ჩანაწერი. აღნიშნულის ნორმის არსებობას სისხლისსამართლებრივთან ერთად აქვს უაღრესად დიდი სიმბოლური მნიშვნელობაც, რადგან სწორედ სამშობლოსადმი ერთგულება წარმოადგენს ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობისა და პატრიოტი თაობების აღზრდის ჭეშმარიტ საფუძველს”.
სამშობლოს ღალატად ჩაითვლება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ისეთი ქმედების ჩადენა, როგორიცაა:
- ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა;
- ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება;
- საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა;
- უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა;
- საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა;
- ჯაშუშობა;
- შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად;
- საბოტაჟი ან უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
პასუხისმგებლობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კოდექსში ზემოჩამოთვლილი დანაშაულისთვის გათვალისწინებული მუხლით, სამშობლოს ღალატის მუხლზე მითითებით.