
მედია: ზელენსკისა და ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება, უკრაინული დელეგაცია თეთრ სახლს ტოვებს
28/02/2025 19:06:15 მსოფლიო
CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. მედიის ცნობით, უკრაინული დელეგაცია თეთრ სახლს დაგეგმილზე ადრე ტოვებს. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინული მედიაც.
მედია ასევე წერს, რომ ზელენსკიმ იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დატოვა თეთრი სახლი.
მანამდე ზელენსკის, ტრამპსა და ვენს შორის თეთრ სახლში, ჟურნალისტების წინაშე შელაპარაკება მოხდა.
მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ზე განცხადება გამოაქვეყნა:
"თეთრ სახლში დღეს გვქონდა ძალიან საგულისხმო შეხვედრა. გაირკვა ბევრი რამ, რისი გაგებაც შეუძლებელი იქნებოდა ასეთი მხურვალების და ზეწოლის პირობებში გამართული საუბრის გარეშე. გასაოცარია რა ამოდის ზედაპირზე ემოციის გზით, და მე დავადგინე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, ამერიკის ჩართულობით - რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას მოლაპარაკებებში დიდ უპირატესობას ანიჭებს. მე არ მსურს უპირატესობა, მე მსურს მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოავლინა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის".