
ახალციხეში სტალინის გამოსახულებით რკინის კონსტრუქცია აღმართეს
27/02/2020 11:39:57 რეგიონები, საზოგადოება
ახალციხის რაიონის სოფელ ზიკილიაში ადგილობრივებმა სტალინის გამოსახულებით რკინის კონსტრუქცია აღმართეს, – იუწყება "რადიო თავისუფლება".
"სოფელმა მოვინდომეთ და დავდგით, რადგან მოგვცეს მაშინ ნება. ამის მერე წლები გავიდა, ქარმა შეარყია და თავქვე დაეკიდა. მერე ისევ ხალხის მონდომებით ავწიეთ, დავაყენეთ და "დავასვარკეთ“, - აცხადებს სოფლის მკვიდრი გურამ გაჩეჩილაძე.
სოფელ ზიკილიაში, შინმოუსვლელთა ობელისკთან სტალინის მონუმენტი 1976 წლიდან დგას. ადგილობრივებმა სამი წლის წინ დაზიანებული კონსტრუქცია შეაკეთეს, შეღებეს და რამდენიმე დღის წინ ხელახლა აღმართეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ კონსტრუქციის დადგმა თავად ადგილობრივებმა მოისურვეს.
ცნობისთვის: 2011 წლიდან საქართველოში „თავისუფლების ქარტია“ ამოქმედდა, რომელიც კომუნისტური ტოტალიტარული იდეოლოგიის სიმბოლიკის გამოყენებას კრძალავს. „თავისუფლების ქარტიის“ მე-7 მუხლში ნათქვამია, რომ ფაშიზმისა და კომუნიზმის სიმბოლიკები უნდა აღმოიფხვრას. ამავდროულად, მუნიციპალიტეტებს დაევალათ, მოიძიონ ინფორმაცია საბჭოთა სიმბოლოების საჯარო სივრცეში არსებობის შესახებ და ცნობები მიაწოდონ სპეციალურ კომისიას.