
სტარმერი: უკრაინაში მშვიდობით აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს
28/02/2025 05:55:08 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, "უკრაინაში მშვიდობით აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს". ამის შესახებ მან თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე ისაუბრა. კერძოდ, სტარმერმა მადლობა გადაუხადა ტრამპს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისკენ სწრაფვაში, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ამ მშვიდობით აგრესორი არ უნდა დაჯილდოვდეს.
თავის მხრივ, ერთობლივ პრეს–კონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "უკრაინაში წარმატებული და გრძელვადიანი მშვიდობის სწრაფად მიღწევის იმედი აქვს და თუ მშვიდობა მალე არ დამყარდება, ეს შესაძლოა, საერთოდ ვეღარ მოხდეს".
"მშვიდობისკენ სვლა 28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას გაგრძელდება", – დასძინა ტრამპმა.
კითხვაზე, ენდობა თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ტრამპმა უპასუხა, რომ "სჯერა, როცა შეთანხმებას მიაღწევენ, იგი [ვლადიმირ პუტინი] ამ შეთანხმებას დაიცავს".
ჟურნალისტებმა პუტინისამდი ნდობის შესახებ ჰკითხეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსაც, რომელსაც, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, რუსეთის პრეზიდენტი დადებითად არასდროს მიუხსენებია. კირ სტარმერის თქმით, "პუტინზე მისი აზრი კარგად ცნობილია".
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, "იმედი აქვს, რომ შეთანხმება შედგება, თუმცა ის უნდა იყოს გრძელვადიანი და არა დროებითი ზომა".
ბრიტანეთი ევროპის იმ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც მზად არიან, სამშვიდობო შეთანხმების დაცვის უზრუნველსაყოფად უკრაინაში თავიანთი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ.
დღეს, 28 თებერვალს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა. დაგეგმილია უკრაინის ბუნებრივი რესურსების ათვისების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაც.
აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 27 თებერვალს, ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ უკრაინასთან შეთანხმება მზად არის და მოიცავს თანამშრომლობას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, ნავთობის და გაზის და ინფრასტრუქტურული აქტივების სფეროებში. ბესენტის შეფასებით, ეს იქნება ორივე მხარისთვის მომგებიანი გარიგება.