
ტრამპს ზელენსკის შესახებ სიტყვები უკან მიაქვს: "ეს მე ვთქვი? არც კი ვიცი, როგორ აღმომხდა მსგავსი რამ!"
28/02/2025 04:34:58 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკან წაიღო უკრაინის ლიდერის - ვოლოდიმირ ზელენსკის შესახებ ამასწინანდელი სკანდალური განცხადება მისი ვითომდა "დიქტატორობის", "არალეგიტიმურობისა" და "დაბალი რეიტინგის" შესახებ.
ვაშინგტონში ბრიტანეთის პრემიერ სტარმერთან ერთობლივ ბრიფინგზე ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად გაწეულმა ძალისხმევამ მოიტანა წინსვლა და რომ აშშ-ს უკვე გამართული აქვს "კარგი" მოლაპარაკებები ორივე მხარესთან. მან დაადასტურა, რომ 28 თებერვალს თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტს ელის და რომ დაგეგმილია უკრაინაში წიაღისეულის ერთობლივი მოპოვების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება.
ამასთან, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, კვლავინდებურად მიიჩნევს თუ არა ზელენსკის დიქტატორად, ტრამპმა უხერხულად იგრძნო თავი და განაცხადა: "ეს მე ვთქვი? არ მჯერა, რომ მსგავსი რამ აღმომხდა!".
ამავდროულად, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ის პრეზიდენტმა გაიმეორა კრემლის ცრუ ნარატივი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მიზეზების თაობაზე და განაცხადა: "ეს არ მოხდება, იმიტომ, რომ ეს ისაა, რის გამოც დაიწყო ომი".
რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიმართ ნდობას, ტრამპმა ამის შესახებ კითხვას ამჯერად უპასუხა ანდაზით - "ენდე, მაგრამ გადაამოწმე", თუმცა იქვე ისიც დასძინა, რომ "სჯერა, რომ პუტინი უკრაინასთან ნებისმიერ სამშვიდობო შეთანხმებას დაიცავს და კიდევ ერთ შეჭრაზე აღარ წავა".