
,,ენერგო-პრო ჯორჯია“: არის ადგილები, სადაც ჯერ–ჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება
26/02/2025 06:38:44 საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ადგილობრივი და თითქმის მთელი საქართველოდან დასახმარებლად ჩასული ელექტრიკოსების დამატებითი ბრიგადები საგანგებო ვითარებაში მუშაობენ.
ამასთან, როგორც კომპანიაში აცხადებენ, არის ადგილები, სადაც ჯერ–ჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება.
მისივე ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, ქობულეთში, ვანში, ხონში, მარტვილში და აბაშაში.
„სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხელს უშლის გადაადგილების პრობლემა, სადაც სპეციალური ტექნიკა მისვლას ვერ ახერხებს, ელექტრიკოსებს ფეხით უწევთ დაზიანების ადგილებამდე მისვლა. არის ადგილები, სადაც ჯერჯერობით ფეხითაც ვერ ხერხდება მიახლოება. დიდთოვლობის შედეგად გადატეხილი ხეები დაეცა ელექტროგადამცემ ხაზებს. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა სხვა ენერგო ინფრასტრუქტურაც.
სტიქიის დაწყებიდან მოკლე დროში მოვახდინეთ შესაბამისი ტექნიკის და სამუშაო ცოცხალი ძალის მობილიზება. ვმუშაობთ შეუსვენებლად. ვცდილობთ მივიდეთ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია თუ შეუძლებელი. სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღდგება ყველა დაზიანებული ენერგო ინფრასტრუქტურაც და აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება ყველა აბონენტს“,- აცხადებენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.