
უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი წელი გავიდა
24/02/2025 05:59:22 მსოფლიო
უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან სამი წელი გავიდა. ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა და მილიონობით დევნილად აქცია.
გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, სამი წლის განმავლობაში უკრაინაში დაიღუპა 12 600-ზე მეტი და დაშავდა 29 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან არ არსებობს მონაცემები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.
2025 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ომში დაიღუპა 46 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი.
რუსეთმა ოფიციალურად ბოლოს 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა.
თუმცა BBC-ს რუსული სამსახური და გამოცემა „მედიაზონა" აცხადებენ, რომ სამი წლის განმავლობაში დაღუპული 95 026 რუსი სამხედროს ვინაობა საჯარო წყაროების მიხედვით დაადგინეს. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მედიასაშუალებების მიერ ნეკროლოგების, სასაფლაოების და სამხედრო მემორიალების კვლევის საფუძველზე დადგენილი რიცხვი დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45-65%-ია.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს 2024 წლის დეკემბერში აღრიცხული ჰყავდა ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული 3,6 მილიონი მოქალაქე.
გაეროს მონაცემებით, 2025 წლის იანვრისთვის მსოფლიოში რეგისტრირებული იყო თითქმის 6,9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, მათგან 6,3 მილიონი - ევროპის ქვეყნებში. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებული, ან დანგრეულია სახლების 10%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ, სულ მცირე, 2 მილიონი ადამიანი ადეკვატური საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ომის განმავლობაში დაზიანდა, ან დაინგრა 3600-ზე მეტი სკოლა და უნივერსიტეტი. გაეროს ცნობით, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 12,7 მილიონ ადამიანს.
კიევის ეკონომიკის სკოლა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკურ დანაკარგებს აღრიცხავს, აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ინფრასრუქტურისთვის მიყენებული ზიანი 170 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებელი ფონდი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.