
პოლონეთის ვიცეპრემიერი: უკრაინის Starlink-ზე წვდომის საფასურს ვარშავა იხდის
22/02/2025 20:41:33 მსოფლიო
პოლონეთი იხდის უკრაინისთვის „სტარლინკის” საფასურს და გააგრძელებს ამის გაკეთებას, – ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა, კშიშტოფ გავკოვსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, „სტარლინკი“ უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ინტერნეტკავშირს ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინასა და მის სამხედროებთან.
„ჩვენ ვიხდით და გავაგრძელებთ ინტერნეტის გამოწერის საფასურის გადახდას უკრაინისთვის. ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შეიძლება, გადაწყვიტოს კომერციული მომსახურების ბიზნეს ხელშეკრულების შეწყვეტა, რომლის მხარეც პოლონეთია“, – განაცხადა გავკოვსკიმ.
პოლონეთმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინას 20,000 „სტარლინკის” მოწყობილობა მიაწოდა და აფინანსებს მათ ტექნიკურ მომსახურებას ინტერნეტკავშირის მხარდასაჭერად.
სააგენტო Reuters-ის მიერ წყაროებზე დაყრდნობით დღეს გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-მა უკრაინას, შესაძლოა, სატელიტურ ინტერნეტ „სტარლინკზე“ წვდომა შეუზღუდოს, რათა წიაღისეულთან დაკავშირებით ხელშეკრულების გაფორმება აიძულოს.
აშშ-ის წარმომადგენლებმა, რომლებსაც სურთ კიევმა ვაშინგტონისთვის ხელმისაწვდომი გახადოს უკრაინის მნიშვნელოვანი მინერალები, წამოჭრეს საკითხი, რომ შესაძლოა, უკრაინას შეუწყდეს წვდომა ილონ მასკის Starlink-ის სატელიტურ საინტერნეტო სისტემაზე, - წერს სააგენტო Reuters-ი, საკითხში გათვითცნობიერებულ სამ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროთა ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან SpaceX-ის მფლობელობაში მყოფ Starlink-ზე წვდომის საკითხი წამოიჭრა დისკუსიებში აშშ-ის და უკრაინის ოფიციალურ პირებს შორის მას მერე, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის თავდაპირველ წინადადებაზე.
Starlink-ი რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას და მის არმიას მნიშვნელოვან საინტერნეტო კავშირს აწვდის.
"ვიხდით და გავაგრძელებთ საფასურის გადახდას უკრაინისთვის სატელიტური ინტერნეტისთვის" - წერს უკრაინის ვიცეპრემიერი, კშიშტოფ გაუკოვსკი მასკის მფლობელობაში მყოფი სოციალური ქსელით X.
"ვერ წარმომიდგენია, რომ ვინმემ შესაძლოა გადაწყვიტოს გაწყვიტოს კომერციული სერვისის ბიზნეს-კონტრაქტი, რომლის ნაწილი პოლონეთიცაა" - დასძენს გავკოვსკი, რომელიც პოლონეთის დიგიტალურ საქმეთა მინისტრის პოსტსაც ითავსებს.
Reuters-ი აღნიშნავს, რომ Starlink-ის მფლობელი კომპანია, SpaceX-ი, ჯერჯერობით არ გამოხმაურებია კომენტარზე თხოვნას.
სააგენტოს პასუხი არც უკრაინის არმიის წარმომადგენლებისგან მიუღია.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ პოლონეთმა უკრაინას მიაწოდა Starlink-ის 20 000 ერთეული და მას შემდეგ აფინანსებს ამ ერთეულების მუშაობას, საინტერნეტო კავშირის უზრუნველსაყოფად - ეს ინფორმაცია პოლონეთის პრეზიდენტის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული, მას Reuters-ი გაეცნო.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში 22 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა შეხვდება აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს - იმ ფონზე, როცა ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის უთანხმოება შეშფოთებას იწვევს კიევის ევროპელ მოკავშირეებს შორის.