
Axios: ამერიკელებმა უკრაინას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი პროექტი წარუდგინეს
21/02/2025 06:41:06 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკრაინას წარუდგინა შეთანხმების ახალი პროექტი სასარგებლო წიაღისეულის შესახებ, – იუწყება ინტერნეტგამოცემა Axios რამდენიმე წყაროზე, მათ შორის უკრაინელ და ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
გამოცემის უკრაინული წყაროს თანახმად, "ახალი პროექტი მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული და უკრაინის კანონმდებლობას შეესაბამება".
"თანაშემწეებმა პრეზიდენტ ზელენსკის მოუწოდეს განახლებული შეთანხმების ხელმოწერისკენ, რათა თავიდან აიცილოს აშშ–ის პრეზიდენტ დოლანდ ტრამპთან შემდგომი კონფრონტაცია და უკრაინის დახმარების საფუძველი მისცეს", – იტყობინება გაოცემა.
პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 20 თებერვალს კიევში შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის და რუსეთის საკითხებში კით კელოგს. შეხვედრის შემდეგ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინა მზად არის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ინვესტიციებისა და უსაფრთხოების შესახებ ძლიერი და რეალურად სასარგებლო შეთანხმებისთვის.
"ჩვენ შევთავაზეთ ყველაზე სწრაფი და კონსტრუქციული გზა შედეგების მისაღწევად. ჩვენი გუნდი მზად არის იმუშაოს 24საათის განმავლობაში", – დაწერა მან, თუმცა უკრაინის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.