
ზელენსკი აშშ–ს აკრიტიკებს: ეს არის პუტინის ომი ჩვენს წინააღმდეგ და არა კონფლიქტი
19/02/2025 13:45:59 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ გააკრიტიკა.
ზელენსკის თქმით, აშშ–ის წარმომადენლებმა რუსეთის ფართომასშატბიან შეჭრას უკრაინაში უწოდეს "კონფლიქტი და არა პუტინის ომი ჩვენს წინააღმდეგ".
"[ტერმინის "კონფლიქტი" გამოყენება] არბილებს სიტუაციას", დასძინა მან.
მისი თქმით, მსგავსი საუბარი ჰქონდა აშშ-ის წინა ადმინისტრაციასთან, როდესაც იგი "იბრძოდა, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში ომი კონფლიქტად არ ყოფილიყო ნახსენები".
ცნობისთვის: 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის და რუსეთის სამთავრობო დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ ამერიკული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ "მხარეები შეთანხმდნენ, რომ დანიშნონ ჯგუფები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც იმუშავებენ უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება, სწრაფად დასრულებაზე ისე, რომ შეთანხმება იყოს მდგრადი და მისაღები ყველა მხარისთვის".
რა თქვა ამერიკულმა მხარემ
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ტემი ბრიუსის განცხადებით, აშშ და რუსეთი ორმხრივ ურთიერთობებში „გამაღიზიანებელი ფაქტორების“ მოშორებაზე და უკრაინის საკითხის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებაზე შეთანხმდნენ.
"აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ მოიშორონ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში გამაღიზიანებელი ფაქტორები ჩვენი დიპლომატიური მისიების მუშაობის ნორმალიზებისთვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მიზნით“, განაცხადა ბრიუსმა.
მისივე თქმით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ დანიშნონ ჯგუფები უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, "რომლებიც იმუშავებენ უკრაინაში კონფლიქტის რაც შეიძლება, სწრაფად დასრულებაზე ისე, რომ შეთანხმება იყოს მდგრადი და მისაღები ყველა მხარისთვის".
"გარდა ამისა, შეერთებული შტატები და რუსეთი დაიწყებენ ფიქრს მომავალი თანამშრომლობის ორმხრივი გეოპოლიტიკური ინტერესის საკითხებზე და ისტორიულ ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, რომლებიც წარმოიქმნება უკრაინაში კონფლიქტის წარმატებით დასრულების შედეგად“, – დასძინა მან.
მისივე თქმით, "პრეზიდენტ ტრამპს სურს, შეაჩეროს სისხლისღვრა":
"შეერთებულ შტატებს სურს მშვიდობა და იყენებს თავის ძალას მსოფლიოში ქვეყნების გაერთიანებისთვის. პრეზიდენტი ტრამპი ერთადერთი ლიდერია მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, აიძულოს უკრაინა და რუსეთი დათანხმდნენ ამაზე".
მისივე თქმით, „დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე მხარეებმა აიღეს ვალდებულება, განაგრძონ პროცესში ჩართულობა, რათა უზრუნველყონ პროცესის დროული და პროდუქტიული წინსვლა“.
როგორც აშშ–ის სახელწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, „ერთი სატელეფონო ზარი, რომელსაც მოჰყვება ერთი შეხვედრა, არ არის საკმარისი ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად და დღევანდელი შეხვედრა მხოლოდ პროცესის დასაწყისია".
შეერთებულმა შტატებმა ასევე მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთს მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის.