
პარიზის სამიტის შემდეგ მაკრონი ტრამპს და ზელენსკის ესაუბრა
18/02/2025 05:44:17 მსოფლიო
პარიზში გამართული ევროპელი ლიდერების საგანგებო შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
ტრამპსა და ზელენსკისთან სატელეფონო საუბრების შესახებ მაკრონმა სოციალური ქსელით გაავრცელა. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, მისი მიზანია უკრაინაში მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევა, რისთვისაც საჭიროა რუსეთის მიერ აგრესიის შეწყვეტა და უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და სანდო გარანტიების შექმნა.
მაკრონის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლის შეწყვეტა დასრულდება „მინსკის შეთანხმების“ მსგავსად. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მიზნის მისაღწევად იმუშავებენ ევროპელებთან, ამერიკელებთან და უკრაინელებთან ერთად.
მაკრონი ხაზს უსვამს, რომ ევროპამ მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველყოფაში.
საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მას და ემანუელ მაკრონს საერთო ხედვა აქვთ, რომ უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების საიმედო და ძლიერი გარანტიები.
ზელენსკის თქმით, "მსგავსი გარანტიების გარეშე მიღებული ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება, მაგალითად, ცეცხლის მყიფე შეწყვეტა იქნება რუსეთის მხრიდან მორიგი მოტყუება და უკრაინის, ან ევროპის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის ახალი ომის პრელუდია".