
რა თქვეს ევროპის ლიდერებმა პარიზში გამართული შეხვედრის შემდეგ
18/02/2025 05:11:50 მსოფლიო
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნისა და ინსტიტუტის ლიდერებმა, ასევე ნატო–ს გენერალურმა მდივანმა 17 თებერვალს პარიზში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს ევროპული ქვეყნების შესაძლო მონაწილეობა სამშვიდობო დარეგულირებაში, რომელიც დაასრულებს რუსეთის სრულმასშატბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.
როგორც დასავლური მედია იუწყება, განხილულ საკითხებს შორის იყო ასევე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. შეხვედრა რამდენიმე საათს გაგრძელდა. მიღებულია თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ჯერ–ჯერობით უცნობია. შეხვედრას ესწრებოდნენ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, დანიისა და ნიდერლანდის ლიდერები, ასევე ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელები და ნატო–ს გენერალური მდივანი მარკ რუტე. აუდენციის დაწყებამდე ემანუელ მაკრონი ტელეფონით ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ყველა ლიდერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინის დახმარება მის ბრძოლაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეხვედრა იყო აზრთა არაფორმალური გაცვლა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ევროპის სხვა ქვეყნებს.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა, ისევე როგორც ნატო–ს ყველა ქვეყანამ, ერთად უნდა იმოქმედონ უკრაინის უსაფრთხოებისა და გარანტიების საკითხებზე.
ამასთან, მან განაცხადა, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინაში რაიმე სამშვიდობო მისიაზე და მასში გერმანიის მონაწილეობაზე.
შოლცმა ასევე გამოკვეთა რამდენიმე პუნქტი, რაზეც შეხვედრის ყველა მონაწილე შეთანხმდა. ეს არის შესაძლებლობა უკრაინისთვის, გააგრძელოს გზა ევროკავშირის წევრობისკენ, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და დემოკრატია და ჰყავდეს ძლიერი არმია. შოლცის აზრით, ეს პრინციპები არ უნდა იყოს მოლაპარაკებების საგანი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრის მონაწილეების ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მათ „დაადასტურეს, რომ უკრაინა იმსახურებს მშვიდობას ძალის მეშვეობით. მშვიდობას, რომელიც პატივს სცემს მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, უსაფრთხოების ძლიერი გარანტიებით“. მან ასევე მხარი დაუჭირა ევროპაში თავდაცვის გაძლიერებას.
შეხვედრის შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირს შორის ერთიანობის აუცილებლობაზე ისაუბრა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც. მისი კომენტარიდან ირკვევა, რომ განხილულ თემებს შორის იყო ევროკავშირის ქვეყნებში თავდაცვის ხარჯების ზრდა და ამასთან დაკავშირებული საბიუჯეტო წესების ცვლილებები. ტუსკმა ასევე დაადასტურა თავისი ერთგულება პრინციპისადმი, რომ უკრაინის ბედის თაობაზე გადაწყვეტილებები არ უნდა იქნეს მიღებული უკრაინის მონაწილეობის გარეშე.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, დასავლეთმა უკრაინის მხარდაჭერა უნდა გააძლიეროს.
„ჩვენ მხარდაჭერა უნდა გავაძლიეროთ. ეს არის ერთადერთი გზა უკრაინის სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად ხანგრძლივი, მყარი და სამართლიანი შეთანხმების მისაღწევად. სასწორზე მხოლოდ უკრაინის მომავალი არ დევს და ეს მთელი ევროპისთვის ეგზისტენციალური საკითხია“, – განაცხადა მან.
იგი მიიჩნევს, რომ „აშშ-ის უსაფრთხოების გარანტია ერთადერთი გზაა, რომ რუსეთი უკრაინაზე ხელახლა თავდასხმისგან ეფექტურად შეაჩეროს“.
დასავლური მედიის ცნობით, დღეს შეერთებული შტატები და რუსეთი საუდის არაბეთში გამართავენ მოლაპარაკებებს, რომელსაც ორივე მხარემ უწოდა პირველი ნაბიჯი უკრაინის თაობაზე შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ. მისივე ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე არც უკრაინა და არც ევროკავშირი არ არიან მიწვეული, რამაც ისევე, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებებმა, ევროპის ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ აღიარებს სამშაბათს მიღებულ შეთანხმებებს. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა კიტ კელოგმა ორშაბათს განაცხადა, რომ უკრაინა, რა თქმა უნდა, დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებებს მშვიდობის პირობებზე.
პარიზის შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით გაიმართა აშშ–ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ბოლო განცხადებებისა და ქმედებების ფონზე, რამაც ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია იმის შესახებ, გაითვალისწინებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ევროპის ინტერესებს და რუსეთთან ხომ არ მიაღწევს ევროკავშირისა და უკრაინისთვის არახელსაყრელ შეთანხმებას.