
გახარია – ამაღლობელზე: როგორც ერთმა თანამოქალაქემ, მინდა, ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა
18/02/2025 04:42:56 მსოფლიო
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს მზია ამაღლობელს სთხოვს, შიმშილობა შეწვიტოს.
მისი თქმით, მზია ამაღლობელი ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
"ექიმები მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებაზე ალაპარაკდნენ, რაც, სამწუხაროდ, ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა, სავარაუდოდ, იმაზე რთულია, ვიდრე გვეუბნებიან.
მზია ამაღლობელმა არა მხოლოდ ქვეყანას, მთელს მსოფლიოს აჩვენა ძალა - სიმართლის, სიმტკიცის, შეუპოვრობის, საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის. მან ივანიშვილის მოძალადე ხელისუფლება სრულად გააშიშვლა ფლიდი მორალისგან.
მზია ამაღლობელი ამ ბრძოლაში ჩვენს ქვეყანას ჯანმრთელი სჭირდება.
ამიტომ, მე როგორც მისმა ერთმა რიგითმა თანამოქალაქემ, მინდა მას ვთხოვო, შეწყვიტოს შიმშილობა”, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
მანამდე, „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა წინა კვლევასთან შედარებით, გაუარესებულია.
ზურაბ ჩხაიძე მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაარწმუნონ, შეწყვიტოს შიმშილობა.
იგი ამბობს, რომ თუ „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი შიმშილობას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
მზია ამაღლობელი 38-ე დღეა, შიმშილობს. იგი შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმში მიმდინარე პროევროპულ აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის დააკავეს, მოგვიანებით გაათავისუფლეს, თუმცა გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კვლავ დააკავეს, ამჯერად - სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მუხლით. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო სახელაშვილმა ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"საქართველოს ახალგზრდა იურისტთა ასოციაცია" მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს, რომელზეც "თავდასხმასაც" ედავება "ოცნება" მზია ამაღლობელს. საუბარია, კერძოდ, დგებუაძისთვის სილის გაწნვაზე, რისი ამსახველი კადრებიც აქტიურად ვრცელდებოდა სახელისუფლებო მედიის მიერ. თუმცა როგორც თავად ამაღლობელი, ისე ფაქტის თვითმხილველები დგებუაძისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან გამიზნულ პროვოცირებაზე მიუთითებენ და სახელისუფლებო მედიას ფაბრიკაციაში, კერძოდ, კადრების მონტაჟში ადანაშაულებენ.
გარდა ამისა, ამაღლობელი დაკავების შემდეგ მის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს. საია-ს თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც მზია ამაღლობელი მოინახულა და დაესწრო მისი გამოკითხვის პროცესს არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, მოგვიანებით განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ამაღლობელმა დეტალურად მიაწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ინფორმაცია პოლიციის განყოფილების ეზოსა და შენობაში მასზე განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ეპიზოდებზე.
"დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას,ხოლო შემდგომ, პოლიციის განყოფილებაში რამდენჯერმე შეეცადა, მას ფიზიკურად გასწორებოდა, თუმცა პოლიციის სხვა თანამშრომლებმა შეძლეს ირაკლი დგებუაძის შეკავება და მისი ოთახიდან გაყვანა. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შევიდა ოთახში და აგრძელებდა აგრესიულ მოპყრობას მის მიმართ, ერთ-ერთი ასეთი შესვლისას მან მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა. ასევე, მისი ბრაძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს გარკვეული დროის განმავლობაში არ ეძლეოდა წყლის დალევის და საპირფარეშოთი სარგებლობის საშუალება", - განმარტა ქურდოვანიძემ.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე საია-მ მოუწოდა სპეციალურ საგამოძებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს მზია ამაღლობელის მიმართ დამამცირებელი მოპყრობის ფაქტი და მოითხოვა, დაუყოვნებლივ შეუჩერდეს სამსახურებრივი უფლებამოსილება ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს.
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ (MFC) წევრი 14 ქვეყნის საელჩოებმა 30 იანვარს გამოქვეყნებული ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან მზია ამაღლობელის გათავისუფლება.
ამ ქვეყნების მთავრობების გარდა, საერთაშორისო და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციები, მრავალი უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსი, 300-ზე მეტი ქართველი ჟურნალისტი და რედაქტორი მოუწოდებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს პატიმრობიდან.