
ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს
17/02/2025 07:47:37 პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
„დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში, 2025 წლის 15 თებერვალს ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას.
კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 2025 15 თებერვალს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნები" გაიმართა. დე-ფაქტო ცსკ-ის მიერ გამოცხადებული წინასწარი შედეგების მიხედვით, 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გამარჯვებისთვის აუცილებელი რაოდენობა - 50%+1 ხმა ხუთიდან ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოაგროვა. ოკუპირებულ აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტური 1 მარტს გაიმართება.