
ზურაბიშვილი: ვერ ვხედავ საკმარის რეაქციას ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან
14/02/2025 19:11:22 პოლიტიკა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი შეფასებით, დასავლეთის რეაქცია ბოლო დროს საქართველოში განვითარებული პროცესების მიმართ არასაკმარისია. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე, „საქართველო ყურადღების ცენტრში“ განაცხადა.
"ჩვენ გვყავს მარიონეტილი მთავრობა, რომელემაც ისევ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება. იგი იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, რომ დააშოროს საქართველო ევროპულ გზას და დააბრუნოს იგი რუსულ ორბიტაზე. ეს ძალიან საშიშია, რადგან თუკი ეს მოხდება საქართველოში, და მე ვერ ვხედავ საკმარის რეაქციას ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ამ დრომდე, ეს შეიძლება სადმე სხვაგანაც გამოიცადოს. საქართველო არ არის მხოლოდ საქართველო, მხოლოდ ის ქვეყანა არ არის, სადაც მოსახლეობის 80% მხარს უჭერდა ევროპულ გზას, ეს შავი ზღვის საკითხიცაა - ხვალ ვინ გააკონტროლებს შავ ზღვას?", - თქვა ზურაბიშვილმა.
მანვე ისაუბრა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე, ნატოსა და ევროკავშირის შეწყვეტილ პროექტებზე საქართველოში და განაცხადა, რომ ის რაც საქართველოში ხდება, დასავლეთისთვის "მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა":
"ბოლო პერიოდამდე, უკრაინის ომამდე, ჩვენს პორტებში ნატოს ხომალდები შემოდიოდა. ეს შეწყდა. რუსეთმა განაცხადა, რომ ახალ სამხედრო ბაზას გახსნის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ანაკლიის პორტი ერთ-ერთი დიდი პროექტია, არავინ იცის როდის აიღებენ კონტროლს ჩინელები, ესაა რაც ჩვენ გვესმის, მაგრამ როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე ჩინეთთან მიმართებით, ვერ ვხედავთ ხელშეკრულებას, არ ვიცით მისი შინაარსი და ვიგებთ მაშინ, როცა ყველაფერი დასრულებულია. ეს რეგიონი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ევროკავშირისთვის სამომავლო პროექტებისთვის, მათ შორის, კავშირგაბმულობის, ენერგეტიკის სფეროებში, იმისათვის რომ გზა გაჭრილიყო ცენტრალური აზიისკენ... ვფიქრობ ეს უფრო მეტია, ვიდრე ქართული პოლიტიკა, ვიდრე ერთი პარტიის გამარჯვება ოპოზიციაზე, ეს არის გამოწვევა ევროკავშირისთვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.