
ფინანსთა მინისტრი: "რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია"
26/02/2020 10:42:11 ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს რკინიგზის პრივატიზაცია შესაძლებელია და ამ მიმართულებით მთავრობამ შეიძლება, იფიქროს. ამის შესახებ მან ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.
მინისტრის თქმით, არსებობს ევროკავშირის ქვეყნების მაგალითები, როდესაც ლიანდაგი და ძირითადი ინფრასტრუქტურა რჩება სახელმწიფოს კონტროლსქვეშ და გადაზიდვები არის კომერციალიზებული.
„1990-იან წლებში, როდესაც ლიბერალური ფრთის ეკონომისტებს ეკითხებოდნენ, რას ურჩევთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსო, პასუხობდნენ, "სამ რამეს ვურჩევთ: „პრივატიზაციას, პრივატიზაციას, პრივატიზაციას!“. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ათწლეულების განმავლობაში ამ სიტყვას უარყოფითი ელფერი მიეცა და მთავრობებს ეშინიათ კიდეც. ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც ფრთხილობენ, რადგან ეს სტრატეგიული ობიექტია. თუმცა ამ მიმართულებით ფიქრი შეიძლება“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა და დასძინა, რომ „ეს არა მარტო შეიძლება, ამ მიმართულებით უნდა ვიფიქროთ კიდეც“.
მისივე თქმით, იგივე მდგომარეობაა ენერგეტიკაშიც:
„დიდი ნაწილი პრივატიზირებულია, მათ შორის – გენერაციის და გადაცემის დიდი ნაწილი, საცალო დისტრიბუციაც პრივატიზირებულია, იქაც შეგვიძლია, სურათი უფრო გლობალურად დავინახოთ, რადგან სივრცე არის“.